გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 20 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

როგორც ზედამხედველობის დეპარტამენტი იტყობინება, სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაახლოებით 1 360 000 ლარია.

უწყების ცნობით, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ყველაზე მეტი - 18 სამართალდარღვევა დაფიქსირდა იმერეთში. 13 ფაქტი გამოვლენილია გურიაში, 11- ქვემო ქართლში, 8 - აჭარაში, ასევე 8 - მცხეთა-მთიანეთში, 7-7 - შიდა ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, 5 - კახეთში, 3 - სამცხე ჯავახეთში, 1 კი - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევებს 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა ჩამოართვეს.

"წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება. მაგალითად, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს: მდინარეების კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება", — აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.