მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დეპარტამენტის უფროსმა გურამ დუმბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საპილოტე ნაწილის ჩაშვება წელსვე იგეგმება. როგორც გურამ დუმბაძემ აღნიშნა, სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებასთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

"ზედამხედველობის პროცესი დღეს ხელით მიმდინარეობს, კომპანიები მუშაობენ ამაზე, თუმცა ზედამხედველობის კომპონენტი მაინც არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ამიტომ ეს პროცესი ითვალისწინებს მთლიანად ზედამხედველობის გაციფრულებას, როგორც საქონელსა და მომსახურებაში, ასევე სამუშაოებში. ეს გულისხმობს ყოველდღიურ ზედამხედველობას, როგორ მიმდინარეობს სამშენებლო ეტაპები და რა ეტაპზეა მისული. ეს იქნება საჯარო, ხელმისაწვდომი ყველასთვის, ხელს შეუწყობს კონტროლს და ხარისხის კომპონენტების შესრულებას, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, ასევე მშენებლისთვისაც.

ეს რაიმე დამატებით დანახარჯებს არ გამოიწვევს ბიზნესისთვის. პროგრამას სრულად ჩვენ ვამზადებთ. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე ჩავუშვათ ეს მნიშვნელოვანი ნაწილი“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი 2025 წლის ივნისში შეიქმნა. როგორც დეპარტამენტის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული, უწყება ჩართულია ადმინისტრაციისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებების შესაბამისობის, ეფექტიანობის, ეკონომიურობისა და პროდუქტიულობის შეფასებაში.