კანადა მზად არის, ევროკავშირთან "მომავლის ალიანსი" შექმნას, რომელიც "დემოკრატიებისთვის შუქურად" იქცევა, — განაცხადა კანადის პრემიერმინისტრმა, მარკ კარნიმ ხუთშაბათს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ოთხშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირი მზად არის, კარი გაუხსნას კანადას, როგორც ბლოკის პირველ "ასოცირებულ წევრს".

ფონ დერ ლაიენის განცხადების შემდეგ კანადის წარმომადგენელი ევროკავშირში თითქოს გაემიჯნა ამ ტერმინს და თქვა, რომ "ჯერ ამ ეტაპზე არ ვართ". თუმცა, ხუთშაბათს კარნიმ ეს იდეა მხარი დაუჭირა.

"კანადასა და ევროპას გეოგრაფიული სიახლოვე არ გვაკავშირებს — გვაერთიანებს ურთიერთმიზიდულობა, რომელიც ჩვენი შეგნებული არჩევანია და მუდმივად განახლებული, და სწორედ ამითაა უფრო ძლიერი", — განაცხადა კარნიმ.

კარნის თქმით, ის სფეროები, რომლებშიც ევროპამ და კანადამ თანამშრომლობა უნდა გააღრმაონ, მოიცავს კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებს, თავდაცვის ინდუსტრიულ შესაძლებლობებს, ხელოვნურ ინტელექტსა და გამოთვლით რესურსებს, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, კოსმოსს და გადახდის სისტემებს.

"თუ გაბედულად და მიზანმიმართულად ვიმოქმედებთ, შეგვიძლია ფუნქციური ალიანსი შევქმნათ", — განაცხადა მან და დასძინა, რომ ევროკავშირისა და კანადის ალიანსი "სხვა დემოკრატიებისთვის შუქურად იქცევა".

ტრამპის რეაქცია და კარნის პასუხი

ღამით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ ინიციატივა დასცინა და ოტავასა და ბრიუსელს სავაჭრო ტარიფებით დაემუქრა, თუ ისინი ვაშინგტონის წინააღმდეგ გაერთიანდებიან.

"ჩვენ ვაძლიერებთ მდგრადობას, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი ღია ბაზრების კონტროლი, ჩვენი სუვერენიტეტის შეზღუდვა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნა ან ჩვენი თავისუფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შერყევა", — განაცხადა კარმნმა.