ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში ირანული ავიაკომპანიების ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მოქმედებს შემოღებული სასანქციო რეჟიმის შესაბამისად.

"ჩვენ იცით, რომ სასანქციო რეჟიმებს ვითვალისწინებთ. იყო შესაბამისი სანქციები ამოქმედებული და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ყოველთვის ითვალისწინებს სასანქციო რეჟიმებს, სხვადასხვა ქვეყნის მიმართ, როდესაც კონკრეტული ინსტიტუტები და სახელმწიფოები აწესებენ ასეთ სანქციებს, მივიღეთ ჩვენც შესაბამისი გადაწყვეტილება, რაზეც ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. ჩვენ ვითვალისწინებთ სასანქციო რეჟიმს. ვმოქმედებთ შემოღებული სასანქციო რეჟიმის შესაბამისად. ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი. ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 27 ირანულ ავიაკომპანიას სანქციები დაუწესა, მათ შორის 5 საქართველოშიც დაფრინავს. აღნიშნულ საკითხზე გასულ კვირას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ "ვინაიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაჟღერებული გაფართოებული სასანქციო ნუსხა მოიცავს ავიაკომპანიებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით ასრულებენ საჰაერო მიმოსვლას საქართველოსა და ირანს შორის, ქართული მხარე როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც იმოქმედებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით".