ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა კოსოვოს გათავისუფლების არმიის (KLA) ყოფილი მეთაური და კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი დამნაშავედ ცნო სამხედრო დანაშაულებში და მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

58 წლის ტაჩი და კოსოვოს განთავისუფლების არმიის სამი სხვა ყოფილი ლიდერი, რომლებიც 1998-99 წლების ომში სერბულ ძალებს ებრძოდნენ, დამნაშავედ ცნეს სამხედრო დანაშაულის შემდეგ ოთხ ეპიზოდში: უკანონო და თვითნებური დაკავება და პატიმრობა, სასტიკი მოპყრობა, წამება და მკვლელობა.

მოსამართლე ჩარლზ სმიტის განცხადებით, ეს ადამიანები, რომლებიც კოსოვოში ეროვნულ გმირებად არიან მიჩნეულნი, გაერთიანებულნი იყვნენ "საერთო კრიმინალური მიზნისთვის", რომელიც გულისხმობდა მინიმუმ 385 ადამიანის თვითნებურ დაკავებას კოსოვოსა და ჩრდილოეთ ალბანეთში, KLA-ს კონტროლსქვეშ მყოფ ტერიტორიებზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაახლოებით 348 პატიმარს სასტიკად მოეპყრნენ, ხოლო 303 — აწამეს. ეს მოიცავდა ადამიანებისთვის ფრჩხილების ამოგლეჯას, კიდურების დამტვრევასა და წარმოსახვით (ყალბ) სიკვდილით დასჯას.

სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო უკანონო მკვლელობის 96 საქმეზე. მსხვერპლნი საომარ მოქმედებებში "აქტიურ მონაწილეობას არ იღებდნენ".

განაჩენი კოსოვოში მკაცრად დაგმეს — პრემიერმინისტრმა ალბინ კურტმა გადაწყვეტილებას "მიუღებელი უსამართლობა" უწოდა.