რუსული ავიაკომპანია Nordwind Airlines-მა 2026 წლის 18 სექტემბრიდან 24 ოქტომბრამდე ზაფხულის ფრენების განრიგში ცვლილებები შეიტანა. კომპანია აუქმებს სოჭიდან და სოჭის მიმართულებით რეისების ნაწილს და განრიგს ოკუპირებული აფხაზეთის, სოხუმის მიმართულებით ახალ ფრენებს ამატებს. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახური იტყობინება.

ავიაკომპანია ცვლილების მიზეზს არ აკონკრეტებს, თუმცა ბოლო დროს სოჭის აეროპორტი უკრაინული დრონების საფრთხის გამო ხშირად იხურება.

როგორც რუსული მედია წერს, ცვლილებები შეეხება ორენბურგის, ტომსკის, სიქტივკარის, ნოვოკუზნეცკის, პერმის, სანქტ-პეტერბურგის, კემეროვოს, ნიჟნი ნოვგოროდის, მაგნიტოგორსკის, ნიჟნეკამსკის, ნიჟნევარტოვსკის, ომსკის, ბარნაულის, ყაზანისა და უფის მიმართულებებს.

გაუქმებული რეისების მგზავრებს თანხის დაბრუნების ან თავდაპირველი ფრენის თარიღთან ახლოს, ალტერნატიული თარიღით გადაჯდომის შესაძლებლობას შესთავაზებენ.

როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, Nordwind აშშ-ის საექსპორტო შეზღუდვებისა და უკრაინის სანქციების ქვეშაა. მას, საავიაციო უსაფრთხოების "შავ სიებში" ყოფნის გამო, ეკრძალება ფრენები ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში.

აშშ-ის Commerce Department-მა 2022 წლის 24 ივნისს Nordwind-ს ექსპორტის პრივილეგიები შეუზღუდა. 2025 წლის დეკემბერში ეს შეზღუდვა კიდევ განახლდა. მიზეზად აშშ-ის ექსპორტის კონტროლის წესების განმეორებით დარღვევები დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ სოხუმის აეროპორტმა 30-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი რეგულარული სამგზავრო რეისი 2025 წლის 1 მაისს მიიღო. მას შემდეგ რუსეთიდან სოხუმის მიმართულებით ფრენების გეოგრაფია გაფართოვდა.