უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი, რომელშიც თავად იმყოფებოდა, ორჯერ ამოიღო მიზანში. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"მოლდოვაში ჩემი საპრეზიდენტო თვითმფრინავი იყო და სწორედ ამიტომ შეუტიეს მოლდოვას. როდესაც უკან, ისევ კიშინიოვის გავლით ვბრუნდებოდით, იგივე გაიმეორეს", — განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ეს იყო რუსული სტრატეგიის ნაწილი, რომელიც მისი და სხვა უცხოელი ლიდერების დაშინებას ისახავდა მიზნად.

მან გაიხსენა, რომ 13 სექტემბერს რუსულმა დრონმა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მატარებლის ლოკომოტივს დაარტყა. თავდასხმის მომენტში იაგოდინის სარკინიგზო სადგურზე, სხვა მატარებლით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი დირექტორი დევიდ პეტრაეუსი იმყოფებოდა.

"შეიძლება არ იცოდნენ, რომ იქ ამერიკელები იყვნენ, ან პირიქით, ზუსტად იცოდნენ, რადგან მათ არ ვენდობი. ვფიქრობ, მათ იცოდნენ", — განაცხადა ზელენსკიმ.