რუსეთში მოღვაწე ქართველი კინორეჟისორი რეზო გიგინეიშვილი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ის წერს, რომ თუ მისი "ზოგიერთი კოლეგა ვერ ხედავს "სპილოს ოთახში", ეს მათი არჩევანია.

კინორეჟისორის თქმით, "ისინი, ვინც დღეს მის მიერ ნასროლ "ქვაზე" საუბრობენ და ამით ყველაფრის გამართლებას ცდილობენ, ჯერ საკუთარ თავში ჩაიხედონ".

"თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს, დედასთან და ოჯახთან განშორებას.

თუ ჩემი ზოგიერთი კოლეგა ვერ ხედავს "სპილოს ოთახში", ეს მათი არჩევანია. მაგრამ ჩემი უფლებაცაა ვთქვა, რასაც ვფიქრობ.

...ჩვენთან ჯერ კიდევ არ არსებობს საკმარისი გააზრება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვნების ადამიანი ქვეყნისთვის.

მე დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანების შრომას, ვინც ქმნის სასტუმროებს, ტურისტულ ინფრასტრუქტურას და ახალ სივრცეებს. მაგრამ ეს კერძო ინიციატივებია. და თვითონ ისინიც ტურისტს საბოლოოდ კულტურის მეშვეობით იზიდავენ.

ამის შესანიშნავი მაგალითია წინანდლის ფესტივალი. ეს აზრიანი ადამიანების მიერ შექმნილი წარმატებული კულტურული სტრატეგიაა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ქვეყნის კულტურული სტრატეგია.

და ამ დროს ციხეში ზის ახალგაზრდა მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე. ეს მტკივნეულია. ხოლო ისინი, ვინც დღეს მის მიერ ნასროლ "ქვაზე" საუბრობენ და ამით ყველაფრის გამართლებას ცდილობენ, ჯერ საკუთარ თავში ჩაიხედონ, სანამ პირველ ქვას ისვრიან. რადგან შეუძლებელია "ღირებულებების დაცვაზე" საუბარი კულტურის გარეშე.

კულტურა არ არის ქვეყნის დეკორაცია. კულტურა არის ის, რითაც ქვეყანას ცნობენ, იმახსოვრებენ და, საბოლოოდ, ის, რითაც ქვეყანა საკუთარ თავს ცნობს. ანდრო ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი. არ ვიცი, ოდესმე გადავიღებ თუ არა მას ჩემს ფილმში. შეიძლება საერთოდაც არ გადავიღო.

მაგრამ მინდა, რომ მას ჰქონდეს შესაძლებლობა, მოვიდეს ჩემს სინჯზე და იქიდან წავიდეს განცდით, რომ დრო ტყუილად არ დაუკარგავს. ან, ვინ იცის, შეიძლება იმავე სინჯიდან დაიწყოს ჩვენი საერთო კინოოჯახი და წლების შემდეგ ერთად აღვნიშნავდეთ ჩვენს საერთო გამარჯვებას. დღეს კი მე მის სხვა გამარჯვებას აღვნიშნავ. მის გამარჯვებას, როგორც მოქალაქის, რომელსაც აქვს საკუთარი ხმა, განცდა და იდეალები.

და ჩემს კოლეგებს, ადამიანებს, რომელთა ნიჭსა და ავტორიტეტსაც ვაღიარებ, მინდა მოვუწოდო: ვილაპარაკოთ კინოშიც და ცხოვრებაშიც მათზე, ვინც დღეს ცხოვრობს, განიცდის, ფიქრობს, ეშინია, იბრძვის და იდეალები აქვს. ნუ ვილაპარაკებთ მხოლოდ მკვდარ წარსულზე, როგორი კინემატოგრაფიულიც არ უნდა იყოს ის.

წარსული აუცილებელია იმისთვის, რომ გვახსოვდეს, ვინ ვიყავით. მაგრამ კულტურა მხოლოდ მაშინ ცოცხლობს, როდესაც ის გვეუბნება, ვინ ვართ დღეს და ვინ გვინდა ვიყოთ ხვალ. კულტურა ფერფლი არ არის, რომელსაც ვინახავთ. კულტურა ცეცხლია, რომელსაც ერთი თაობა მეორეს გადასცემს. საქართველოს წარსულიც და მომავალიც ამ ცოცხალ ცეცხლშია", — წერს რეზო გიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 2024 წლის 5 დეკემბერს პროევროპულ აქციაზე დააკავეს. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. 2025 წლის 3 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ის და მასთან ერთად დაკავებული კიდევ 10 პირი თავდაპირველ, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებაში გაამართლა, თუმცა ბრალი გადააკვალიფიცირა და ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2026 წლის 17 აპრილს სააპელაციო სასამართლომ ეს განაჩენი უცვლელად დატოვა.