ოპერაცია "ეკონომიკური განდევნილის" (Operation Economic Outcast) ფარგლებში, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) რუსული ფინანსური ინსტიტუტი, საჯარო სააქციო საზოგადოება"ვითიბი ბანკი" (VTB Bank) დაასანქცირა. სანქციების დაწესების მიზეზი ირანისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში მონაწილეობაა, კერძოდ, სანქცირებულ ირანულ ბანკებთან საკორესპონდენტო ურთიერთობების დამყარება. ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

"ოპერაცია "ეკონომიკური განდევნილის" ფარგლებში, სახაზინო დეპარტამენტი კვლავაც მიზანში ამოიღებს და შეაფერხებს მათ საქმიანობას, ვინც მატერიალურ, ტექნოლოგიურ ან ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს ირანის რეჟიმს და საშუალებას აძლევს, მხარი დაუჭიროს მის ტერორისტულ საწარმოს. სახაზინო დეპარტამენტი არ მოითმენს რეჟიმის არავითარ მხარდაჭერას და განაგრძობს ირანის დამხმარეების გამოვლენას, მხილებასა და იზოლაციას", — განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.

"ვითიბი ბანკის" წინააღმდეგ OFAC-ის ეს ზომა ტარდება პრეზიდენტის 13902-ე აღმასრულებელი ბრძანების (E.O. 13902) შესაბამისად, რომელიც მიზნად ისახავს ირანის ეკონომიკის გარკვეულ სექტორებს, მათ შორის ირანის ფინანსურ სექტორს. დღეის მდგომარეობით, "ვითიბი" მსოფლიოში ყველაზე მკაცრად და ყოვლისმომცველად სანქცირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორისაა. ოპერაცია "ეკონომიკურმა განდევნილმა" მეტი მეორადი სანქციების რისკი და აღსრულების დაჩქარებული ტემპი დააწესა მათთვის, ვინც ირანის რეჟიმთან საქმიანობას აგრძელებს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ უცხოური ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც "ვითიბისთან" თანამშრომლობას აგრძელებდნენ, კიდევ უფრო დიდ სანქციების რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ადრე, და სასწრაფოდ უნდა გაწყვიტონ ეს ურთიერთობები.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში სახაზინო დეპარტამენტი ხვდება გლობალურ ფინანსურ ინსტიტუტებს, რათა მიაწოდოს მათ საჭირო ინფორმაცია ირანის რეჟიმთან, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან (IRGC), ირანის ტერორისტულ პროქსებთან და მათი მხარდამჭერებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და შესყიდვების ქსელების შესაჩერებლად, — ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.