უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ პარტია გახარია საქართველოსთვის საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელს დაემატება და მის გაუქმებას მოითხოვენ. როგორც კირცხალიამ აღნიშნა, გუნდმა მათ შანსი მისცა, თუმცა მათმა ქმედებებმა და კონსტიტუციური წყობილების "არაღიარებამ" ეს გადაწყვეტილება განაპირობა.

"მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი ე.წ. პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება "გახარია საქართველოსთვის". აქ შეიძლება გაჩნდეს ახლა კითხვები, რატომ მაშინ არა, როდესაც ის პარტიები იყო მოხსენიებული სარჩელში, რომელიც დღეს უკვე არის საკონსტიტუციო სასამართლოში და ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი — ყველას კარგად გვახსოვს მათი გეგმები, როცა აპირებდნენ პარლამენტში შემოსვლას, შემდეგ მათი მანდატების ცნობა.

გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ მათ მივეცით შანსი, რომ რეალურად ჩართულიყვნენ საპარლამენტო ცხოვრებაში, მიუხედავად მათი წარსულისა და პირდაპირი კოალიციისა "კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან". მაგრამ თქვენ ნახეთ პირდაპირი, უხეში და თავხედური არაღიარება კონსტიტუციური წყობილებისა ჩვენს ქვეყანაში, ამის ირგვლივ კი უამრავი მათი დესტრუქციული ქმედება პარლამენტს შიგნით თუ მათ კომენტარებში. ჩვენი საზოგადოებისთვის არ არის ახალი ის, თუ რა ძალას წარმოადგენენ ისინი, ვის ძალას წარმოადგენენ. არ აქვს ფერსა და ნომერს მნიშვნელობა, როდესაც ემსახურები იმ მზაკვრულ იდეას, რასაც "კოლექტიური ნაცმოძრაობის" აგენტურული ქსელი ემსახურებოდა. ეს ჩვენთვის, პირადად ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატის ტოლფასია. ამ სარჩელის პირობებში ჩვენ არ გვაქვს მოთხოვნილი მანდატების შეწყვეტა დეპუტატებზე პარლამენტსა თუ საკრებულოებში. სარჩელი შედგენილია ძალიან ბევრი უტყუარი ფაქტით", — განაცხადა კირცხალიამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით პირველი სარჩელი 2025 წლის 31 ოქტომბერს იქნა შეტანილი. მაშინ საუბარი იყო 3 პარტიის აკრძალვაზე. ესენია: ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა (ენმ), კოალიცია ცვლილებისთვის (გვარამია, მელია, გირჩი, დროა), ძლიერი საქართველო — ლელო (ხალხისთვის, თავისუფლებისთვის).

სარჩელს 88 დეპუტატი აწერდა ხელს (ქართული ოცნება + ხალხის ძალა + ევროპელი სოციალისტები).

მეორე (განახლებული) სარჩელი: 2026 წლის 20-21 აპრილს შეიტანეს. ქართულმა ოცნებამ ძველი სარჩელი უკან გამოითხოვა და ახალი შეიტანა, სადაც იმავე სამ პარტიას დაემატა მეოთხე — ფედერალისტები (თამარ ჩერგოლეიშვილი, გიგა ბოკერია). მიზეზად დაასახელეს 2026 წლის 2 მარტს შექმნილი ოპოზიციური ალიანსი, რომელშიც 9 პარტია გაერთიანდა და ფედერალისტებმაც გაიზიარეს "არაკონსტიტუციური მიზნები".

ორივე შემთხვევაში, მცირე პარტიები (დროა, გირჩი-მეტი თავისუფლება, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, რესპუბლიკური პარტია) სარჩელში მოხსენიებულია, მაგრამ მათი აკრძალვა ჯერჯერობით მოთხოვნილი არ არის "არსებითი გავლენის არქონის" გამო. მაშინდელ სარჩელში გახარია საქართველოსთვის საერთოდ არ ფიგურირებს.