პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი მფლობელის, ირაკლი რუხაძის მიერ მიცემულ ჩვენებას ეხმაურება. რუხაძემ ტელევიზიის დარბევასა და მისი ყოფილი მფლობელის, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებაზე ისაუბრა.

სასამართლო პროცესზე რუხაძემ საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ბადრი პატარკაციშვილს შორის სავარაუდო გარიგებაზე ისაუბრა. რუხაძის ვერსიით, პატარკაციშვილს ტელევიზიის სანაცვლოდ საქართველოს რკინიგზას სთავაზობდნენ.

ხუხაშვილი რუხაძის ნათქვამს ადასტურებს. მისი განმარტებით, მან ბადრი პატარკაციშვილს ურჩია, აღნიშნული გარიგების პირობებს არ დათანხმებოდა. პოლიტოლოგის ვერსიით, სწორედ ამ შეთანხმების ჩაშლამ გამოიწვია უთანხმოება ყოფილ პრეზიდენტსა და ბიზნესმენს შორის, რის შემდეგაც პატარკაციშვილის წინააღმდეგ, სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით, "ბინძური პროპაგანდისტული ომი" ააგორეს. ხუხაშვილი იზიარებს რუხაძის მოსაზრებას, რომ პატარკაციშვილი ნამდვილად ამ თემაზე ნერვიულობას გადაყვა და გარდაიცვალა.

პოლიტოლოგის აზრით, "ცინიზმია", როდესაც ბადრი პატარკაციშვილს "რუსეთის კაცად" მოიხსენიებენ, რადგან სწორედ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მოკავშირეებმა ცადეს მასთან გარიგებაში შესვლა.

"სააკაშვილი თვლიდა, რომ ბადრი სანდრო გირგვლიანის თემას პოლიტიკურად იყენებდა ხელისუფლების წინააღმდეგ.

რუხაძე მართალს ამბობს, რომ შედგა შეთანხმება მათ შორის. თუმცა, არა ტელევიზიის რკინიგზაში გაცვლის თაობაზე, არამედ ერთობლივი კომპანიის შექმნაზე, რომელშიც ხელისუფლება ჩადებდა რკინიგზას, ხოლო ბადრი მაგთის საკონტროლო პაკეტს და ტელევიზიას. სულ 3 მილიარდიანი კონტრაქტი იდებოდა, რომელშიც იმედის წილი 400 მილიონს შეადგენდა.

ეს თემა ბადრიმ ჩემთან განიხილა. რაზეც ვუთხარი, რომ არ ვურჩევდი ამის გაკეთებას რიგი, მათ შორის პირველ ყოვლისა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე - არ შეიძლებოდა რკინიგზა, როგორც სტრატეგიული აქტივი ჩვენი გეო-პოლიტიკური ფუნქციიდან გამომდინარე, მთლიანად კერძო მფლობელობაში გადასულიყო.

ბადრიმ ეს გარიგება, რომელიც უკვე პრაქტიკულად ფინალურ ეტაპზე იყო გასული, ჩაშალა.
მიშამ ჩათვალა, რომ ეს ომის გამოცხადებას ნიშნავდა და დაიწყო კიდეც ომი.
ამიტომ, როდესაც მიშა და მისი მოწმეები ბადრის აკავშირებდნენ და აკავშირებენ რუსეთთან, ეს არის ცინიზმი, რადგან თვითონ შესთავაზეს პარტნიორობა “რუსეთის კაცს”.

ბადრი ნამდვილად მოკლა იმ პროცესმა, რაც მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ წარმოებულ ბინძურ პროპაგანდისტულ ომს, “სახელმწიფო გადატრიალების” საქმის აღძვრით, რომლის ფიგურანტი მეც გახლდით," — წერს ბუღაძე.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. 7 ნოემბრის საქმეზე ტელეკომპანია "იმედის“ ყოფილი მფლობელი, ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე დაიკითხა.

რუხაძის თქმით, პატარკაციშვილი "რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე ნერვიულობას შეეწირა. რუხაძის მტკიცებით, ტელეკომპანიამ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) დირექტორის, ერეკლე კოდუას და ბადრი პატარკაციშვილის საუბრის ფარული ჩანაწერის დამონტაჟებული ვერსია გაუშვა.

2008 წლის 12 თებერვალს ბადრი პატარკაციშვილი დიდ ბრიტანეთში, საკუთარ სახლში, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბრიტანელი სამართალდამცველებისა და ექსპერტების ოფიციალური დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი გულის უეცარი შეტევა გახდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე 2007 წლის დეკემბერში გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე ისაუბრეს, რომელშიც ლონდონში ბადრი პატარკაციშვილისა და სოდ-ის უფროსის, ერეკლე კოდუას საუბარია ასახული.