როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე 11 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურის განმარტებით, გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის ფაქტზე წარედგინა, რაც სამშობლოს ღალატის კატეგორიას მიეკუთვნება და 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება იაგო ხვიჩიას გადაცემაში "საქართველოს დაბადება" გაკეთებული განცხადების გამო 7 აგვისტოს დაიწყო. გადაცემის მსვლელობისას ბარამიძემ აფხაზეთის ომის კონტექსტში თქვა: "ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ". ხვიჩიამ დააზუსტა — "ჩვენები?" — რაზეც ბარამიძემ უპასუხა: "ჩვენები".
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ოპოზიციურმა სპექტრმა გიორგი ბარამიძის დაკავება მკაცრად დაგმეს და აღნიშნული ფაქტი პოლიტიკურ რეპრესიებად შეაფასეს, რომელიც, მათი თქმით, რუსული დავალებით ხორციელდება.
თავისუფალი ხალხის პარტიის (ყოფილი გირჩის) თავმჯდომარე იაგო ხვიჩია გია ბარამიძის დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ბარამიძის დაკავება იქნება სახელმძღვანელო, იურიდიული ფაკულტეტის სილაბუსში შესატანი ენციკლოპედიური მასშტაბის აბსურდი. მისივე თქმით, "ლაპარაკის გამო ადამიანის დაჭერა არ შეიძლება".
"რას არ აბრალებდით გია ბარამიძეს და ბოლოს გამოვიდა, რომ ჩემი გადაცემის გამო დაიჭირეთ? [...] ეს იმას ნიშნავს, რომ მის მიმართ სხვა არანაირი რეალური ბრალდება არ გქონდათ [...] გია ბარამიძის მიერ სამშობლოს ღალატი ჩემს გადაცემაში, უბრალოდ არაფერში წერია, ეს არის ქართული მართლმსაჯულების სირცხვილი [...] მთელი ცხოვრება იძახოდით სისხლიანი ნაცებიო და ბოლოს გამოვიდა, რომ კაცმა 32 წლის წინანდელი ამბავი რომ მოჰყვა, მაგის გამო დაიჭირეთ [...]
მაინტერესებს, რა სამართლებრივი საფუძველი არსებობს, რომ ასეთი რაღაცის მოყოლის გამო კაცი სამშობლოს ღალატზე გაასამართლო [...] ეს იქნება სახელმძღვანელო, იურიდიული ფაკულტეტის სილაბუსში შესატანი ენციკლოპედიური მასშტაბის აბსურდი [...] დედამიწის ზურგზე ვერცერთი პროკურორი მე ვერ ამიხსნის, რომ რაც ბარამიძემ თქვა, იმას სამშობლოს ღალატთან რამე კავშირი აქვს [...] იმის გამო, რომ ვიღაცამ რაღაც თქვა, რა შუაშია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა [...] ლაპარაკის გამო ადამიანის დაჭერა არ შეიძლება [...] ბარამიძემ რაც თქვა, სისულელე იყო, მაგრამ ამის გამო ის სამშობლოს მოღალატე არ არის", — თქვა ხვიჩიამ სამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიის, POSTV-ის ეთერში სტუმრობის დროს.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მათი პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ ბარამიძის დაჭერის საბაბი არა მისი განცხადება, არამედ განცხადების ინტერპრეტაცია. მისივე თქმით, ბარამიძის დაკავების ბრძანება "1 წლის წინ, ჯერ რუსულმა იმპერიამ გასცა. მას რუსეთის მიერ პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა."
"ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის წინააღმდეგ კიდევ ერთი პოლიტიკური შურისძიება ვიხილეთ. ბარამიძე მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში თავისუფალი და ძლიერი საქართველოსთვის იბრძვის. ის იარაღით ხელში აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა, ამის შემდეგ კი ის მუდმივად პოლიტიკურად იბრძოდა — მათ შორის, მან განახორციელა რეფორმები, რომლითაც ძლიერი ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები შეიქმნა.
მისი მიზანი ყოველთვის იყო ქართული სახელმწიფოსთვის სასარგებლო საქმე. ბარამიძის დაჭერის საბაბი მისი პოლიტიკური განცხადება არ გახლდათ, მისი დაჭერის საბაბია ამ განცხადების ინტერპრეტაცია. მან მკაფიოდ განმარტა, რომ ის შინაარსი არ იგულისხმა, რაც საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა აღიქვა. თუმცა, ამის მიუხედავად, ის მაინც დააკავეს. რატომ? — იმიტომ, რომ მისი დაკავების ბრძანება, 1 წლის წინ, ჯერ რუსულმა იმპერიამ გასცა. მას რუსეთის მიერ პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა. როგორც ყველაფერში, აქაც პუტინის, თავისი მბრძანებელი რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს და რუსეთის მსგავსად, უკვე ადგილზე, საქართველოში, ბარამიძე დააკავეს. გიას და მის ოჯახს მხნეობას ვუსურვებთ", — ირაკლი ფავლენიშვილი.
ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემაც. მისი თქმით, ბარამიძე მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ რუსეთის დავალებას ასრულებენ და "სასამართლო შეასრულებს იმ დავალებას, რა დავალებასაც გასცემს ბიძინა ივანიშვილი".
"რუსებმა რამდენიმე წლის წინ გია ბარამიძეს მიუსაჯეს მრავალწლიანი პატიმრობა რუსეთში და ახლა "რუს-ქოცებმა" გაიმეორეს ზუსტად იგივე და ადამიანი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იარაღით ხელში იბრძოდა, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლას, რომელიც უკრაინაში იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, დააკავეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ასრულებენ რუსეთის დავალებას. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს სასამართლო აღკვეთთან დაკავშირებით, გვესმის ძალიან კარგად, რომ არანაირი სასამართლო არ არსებობს და სასამართლო შეასრულებს იმ დავალებას, რა დავალებასაც გასცემს ბიძინა ივანიშვილი", — განაცხადა წითლიძემ (მის კომენტარს IPN ავრცელებს).
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძესთან და მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ გიორგი ბარამიძის სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაპატიმრება განსაკუთრებული ცინიზმია.
"დღეს ორივე ციხეშია. ორივე უსამართლოდ. გიორგი ბარამიძის სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაპატიმრება განსაკუთრებული ცინიზმია რეჟიმისგან, რომელიც ღალატის ქრონიკას გვაჩვევს ყოველდღიურად, წულუკიანის კომისიით, გეორგიევსკის ტრაქტატით, ომის დაბრალებით, ჯარის ჩამოშლით, მეგობრების მოკვეთით, მტერთან ბოდიშით. რომელი ერთი გავიხსენოთ? ჩემი სრული სოლიდარობა გიას, მის არაჩვეულებრივ მეუღლეს და ოჯახს", — დაწერა ბოკუჩავამ.
ბარამიძის დაკავებას გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან სანიკიძეც, რომელმაც აღნიშნა, რომ ბარამიძის დაკავება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა, რომელიც, დაკავშირებულია იმასთან, რომ "გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთის ფედერაციას".
"ქართული ოცნების მხრიდან ამ მუხლის წარდგენა ნებისმიერი ჩვენი პატრიოტი თანამოქალაქის მიმართ არის მარაზმი და ტრაგიკული მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას და ქართულ სახელმწიფოს ბრალს დებს საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებაში, რომელიც გორიდან უხდის ბოდიშს ოს და აფხაზ სეპარატისტებს, რომელიც თანამშრომლობს ბელარუსის "კგბ"-სთან, რომელსაც გენერალურ პროკურორად ჰყავდა კაცი, რომელიც დღეს აგროვებს მოხალისეებს უკრაინის წინააღმდეგ საომრად, ამ ხელისუფლებამ როგორ შეიძლება ვინმეს წინააღმდეგ, არა თუ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ, აღძრას საქმე სამშობლოს ღალატის მუხლით? ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც ჩემი აზრით, დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთის ფედერაციას.
იმ პირობებში, როდესაც საზოგადოება კარგად ხედავს ქართული ოცნების გუნდის შიგნით განხეთქილებას, მათ სჭირდებოდათ კიდევ ერთხელ ჩვენება საკუთარი ამომრჩევლისთვის, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლების გარდა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსაც ვიჭერთ“, — განაცხადა ლევან სანიკიძემ (IPN).
ბარამიძის დაკავებას გამოეხმაურა სტრატეგია აღმაშენებელიც. პარტია ბარამიძის დაკავებას გმობს და მის ოჯახს სოლიდარობას უცხადებს. გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებზე დაყრდნობით ბრალდების შეთხზვა და პოლიტიკოსის დაპატიმრება სამართლებრივი აბსურდია, რომლის ერთადერთი მიზანიც ოპოზიციური სპექტრის შეზღუდვა და კრიტიკული ხმის ჩახშობაა.
"სტრატეგია აღმაშენებელი გია ბარამიძის დაკავებას გმობს და მას და მის ოჯახს სრულ სოლიდარობას უცხადებს. ეს ფაქტი არის პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიებისა და ავტორიტარული მეთოდების მორიგი თვალსაჩინო გამოვლინება. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას, ივანიშვილის რეჟიმი კვლავ პოლიტიკური ოპონენტების დევნითა და რეპრესიული მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.
მედიაში გაჟღერებულ განცხადებებზე დაყრდნობით მძიმე ბრალდებების შეთხზვა და პოლიტიკოსის დაპატიმრება წარმოადგენს სამართლებრივ აბსურდს, რომლის ერთადერთი მიზანი ოპოზიციური სპექტრის შეზღუდვა და კრიტიკული ხმის ჩახშობაა", — წერია პარტიის განცხადებაში.
ბარამიძის დაკავებას გამოეხმაურა კოალიცია ცვლილებისთვისაც. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი "ივანიშვილის მიერ უკანონოდ დაკავებულ გიორგი ბარამიძესა და მის ოჯახს" მხარდაჭერას უცხადებენ. მათივე განმარტებით, ბარამიძის დაკავება "კლასიკური რუსული ცინიზმი და საკუთარი მოღალატეობრივი პოლიტიკის მიჩქმალვის მცდელობაა".
"კოალიცია ცვლილებისთვის მხარდაჭერას უცხადებს ივანიშვილის მიერ უკანონოდ დაკავებულ გიორგი ბარამიძესა და მის ოჯახს.
სამშობლოს ღალატის ყალბი ბრალდებით გიორგი ბარამიძის დაკავება იმ რეჟიმის მიერ, რომელიც წლების განმავლობაში 2008 წლის ომის დაწყებას საკუთარ სამშობლოს აბრალებს, რომელიც საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს "პიარს შეწირულს" უწოდებს, რომლის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებს რუსეთის დადასტურებული ჯაშუშები იკავებენ, რომელმაც შექმნა სამშობლოს ღალატის ე.წ. საპარლამენტო კომისია, არის კლასიკური რუსული ცინიზმი და საკუთარი მოღალატეობრივი პოლიტიკის მიჩქმალვის მცდელობა.
ურთიერთდაპირისპირებებით, ერთმანეთის მიმართ უნდობლობით და კლანებს შორის კრიმინალური გარჩევებით დასუსტებული ივანიშვილის რეჟიმი ძალის დემონსტრირებას ცდილობს.
კოალიცია ცვლილებისთვის ვაცხადებთ, რომ რეჟიმის ძალმომრეობა კრახისთვის არის განწირული. ვიბრძოლებთ მანამ, სანამ უკანასკნელი პოლიტიკური ტყვე არ დატოვებს საპყრობილეს და ჩვენი ხალხისთვის არ მოვიპოვებთ თავისუფალი არჩევანის უფლებას", — აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.
გიორგი ბარამიძის დაკავებას ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სისხლისსამართლებრივი დევნა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანს ემსახურება.
როგორც ბოკერიამ განაცხადა, ბარამიძის განცხადება მკაცრ პოლიტიკურ შეფასებას იმსახურებდა და არა სისხლისსამართლებრივ დევნას.
"გიორგი ბარამიძის დაკავება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან მორიგი ცინიკური რეპრესიის უტიფარი მაგალითია. ეს ნაბიჯი, მხოლოდ ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, მისი პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და საზოგადოების დეზორიენტირების ამოცანას ემსახურება.
სიტყვის თავისუფლება იცავს სრულიად უპასუხისმგებლო, ბრიყვულ და თუნდაც მავნებლურ კომენტარებსა და გამონათქვამებსაც. გია ბარამიძემ, ჩემი აზრით, გაუაზრებლად, კატასტროფულად უპასუხისმგებლო კომენტარი გააკეთა, რის გამოც მკაცრ პოლიტიკურ შეფასებას იმსახურებდა და არა სისხლისსამართლებრივ დევნას.
მისგან განსხვავებით, ივანიშვილის რეჟიმი, წლებია, გააზრებულ, მიზანმიმართულ პროპაგანდას აწარმოებს მტრის ნორმალიზების სასარგებლოდ და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. პოლიტიკაში მოსვლის წამიდან დაწყებული, პირადად ივანიშვილი და მისი გარემოცვა ეწევა მოღალატეობრივ კამპანიას საქართველოს პირდაპირი დადანაშაულებით 2008 წლის რუსული აგრესიისას — სლოგანით "მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე" და პირადად ივანიშვილის განცხადებით იმაზე, რომ არანაირ აგრესიას არ ჰქონია ადგილი ცხინვალის რეგიონში — "მხოლოდ ერთ კედელს მოხვდა ჭურვიო", — გაგრძელებული ბოდიშის მოხდით "აფხაზი და ოსი" ხალხის წინაშე, ანუ 90-იანებში წარმოებული რუსული სამხედრო აგრესიისა და ქართველთა გენოციდის პერიოდშიც, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს დადანაშაულებით.
თუ უპასუხისმგებლო კომენტარები და გამონათქვამები შეიძლება სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს, მაშინ ივანიშვილის რეჟიმის უამრავი წარმომადგენელი, მათ შორის, პირველ რიგში, პირადად ბიძინა ივანიშვილი, დიდი ხანია ციხეში უნდა იჯდეს ამ მიზანმიმართული, ამაზრზენი პროპაგანდის გამო.
ამ სამარცხვინო რეჟიმის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა გახდეს ისეთი მართლმსაჯულების სისტემის შექმნა, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერი ხელისუფლების ხელში სახელმწიფო მანქანის პოლიტიკური ოპონენტებისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ გამოყენებას.
ხელისუფლების რესურსი მისი პოლიტიკური ოპონენტების დევნის ნაცვლად, ქვეყნის შიგნით მტრის ინფილტრაციის განადგურებაზე, თავდაცვის გაძლიერებასა და თავისუფალ სამყაროში ძლიერი მოკავშირეების შეძენაზე უნდა იხარჯებოდეს. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ გარე საფრთხის განეიტრალებას, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და თავისუფლების დაცვას და საქართველოს გამთლიანებას", — დაწერა ბოკერიამ.
ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პარტია დროა ელენე ხოშტარიას განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ყველა ადამიანს, ვინც იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, მეთოდურად იჭერენ.
"რუსული გეგმა!
ზუსტად ამას მიყვება ქართული ოცნების დაპატიმრებების სია. აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვინც იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, მეთოდურად იჭერენ. ირაკლი ოქრუაშვილი, ალეკო ელისაშვილი, ახლა გია ბარამიძეც...
უტყუარია, რომ რუსეთიდან გადმოცემულია იმ ადამიანების სია, რომლებიც, მათი ჭკუით, უნდა "დაისაჯონ".
ასევე, ბოლო დროს კობახიძის რიტორიკა ე.წ. რაღაცა რუსოფობიაზე, გეორგიევსკის ტრაქტატზე, აბსოლუტურ სინქრონშია ფარცხალაძე — რომანოვთან. სიმონიანის გინებისთვის საქმის აღძრა კი, კიდევ ახალ ეტაპზე გადასვლაა. უკვე ძალიან ღიად ესაუბრებიან რუსეთს. ეს, თავისთავად, იმის ნიშანია, რომ მათ უწევთ საბოლოო არჩევანის გაკეთება.
ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, ოპოზიციამ, მოქალაქეებმა, აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი რუსეთს ამ ვითარებაში.
ეს შემოდგომა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ოცნებაში არის დიდი კრიზისი და სწორედ ამ კრიზისის ზრდის ფონზე შემოაგდეს ოპოზიციაში ბევრი ისეთი თემა, რომელიც ყურადღების გადატანას ემსახურება. ასევე, ამ შემოდგომის ბოლოს იქნება მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით. გამწვავებულია რუსეთ-ირანის თანამშრომლობის საკითხი. ამიტომ, ჩვენი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამოცანაა, დასავლეთს ვაჩვენოთ, რომ საქართველო, მიუხედავად ყველაფრისა, ზუსტად სიტუაციის შესაბამისად აგრძელებს პროტესტს.
დიდი პროტესტის არ ჩვენება ამ შემოდგომაზე იქნება ნიშანი ყველასთვის, რომ ჩვენ, ხალხი, დავიღალეთ. ეს დაუშვებელია! შესაბამისად, ერთადერთი ყველაზე სწორი, ადეკვატური და აუცილებელი პასუხი არის — დიდი ანტი-საოკუპაციო აქცია! შესაძლოა, ნოემბერში. ეს შეთანხმების საგანია, მაგრამ ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
უნდა ვანახოთ, რომ ქვეყნის დაცვაში, თავისუფლების დაცვაში, ბევრად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ისინი ქვეყნის გაყიდვაში", — დაწერა ელენე ხოშტარიამ.
"მისი დაკავება მიმაჩნია, რომ არის ძალიან დიდი უსამართლობა, ეს არის მთლიანად საზოგადოების დაშინების მცდელობა", — ასე გამოეხმაურა მოძრაობა ჯერ საქართველოს თანადამფუძნებელი ვალერი ჩეჩელაშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებას. მისივე განმარტებით, ბარამიძე არის პატრიოტი ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის და მისი სახელმწიფოებრიობისთვის.
"გია ბარამიძე არის ჩემი მეგობარი და ამას ყოველთვის, ყველგან ვიტყვი. ის არის პატრიოტი ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის და მისი სახელმწიფოებრიობისთვის. თავის განცხადებაზე მან შემდეგ განმარტებაც გააკეთა და ტყვეების გაცვლაში თვითონ იღებდა მონაწილეობას, ხელმძღვანელობდა ამ პროცესს. მისი დაკავება მიმაჩნია, რომ არის ძალიან დიდი უსამართლობა, ეს არის მთლიანად საზოგადოების დაშინების მცდელობა, რომ ჩვენ თავისუფლად არ გამოვთქვათ ჩვენი აზრი, რისი გარანტიაც არის ჩვენი კონსტიტუცია.
ბარამიძის დაკავება, რომ საზოგადოების დაშინების ნარატივში კარგად ჯდება, ფაქტია. მარტო ეს ხომ არ არის? როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენს ისტორიულ ტრადიციებზე, ღირსებაზე და ა.შ. გაცილებით უფრო უნდა გვაწუხებდეს ის, თუ როგორ გვახასიათებენ ჩრდილოეთიდან, რომ მუხლებზე მდგარი ერთი ირაკლი, დანარჩენი ირაკლებიც მოდიან — ეს პირდაპირ არის სილის გაწვნა საქართველოს საზოგადოებისთვის და მმართველი გუნდისთვისაც იმიტომ, რომ მე მგონი, სიმონიანმა შემთხვევით არ თქვა, "ახალი ირაკლები მოვლენო". ვის გულისხმობდა? მე ირაკლი არ მქვია", — თქვა ჩეჩელაშვილმა (IPN).
გიორგი ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ და აღნიშნა, რომ ბარმიძისთვის წარდგენილი ბრალი არის პოლიტიკური დევნის მორიგი აქტი ანტიქართული რეჟიმის მხრიდან
"გია ბარამიძე ქართველი პატრიოტია და მისთვის წარდგენილი ბრალი არის პოლიტიკური დევნის მორიგი აქტი ანტიქართული რეჟიმის მხრიდან. ჩემი სრული მხარდაჭერა გიას და მის ოჯახს! ჩემი სოლიდარობა გიას მეგობრებს და ნაციონალურ მოძრაობას!", — დაწერა გვარამიამ.
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე გიორგი ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი დაკავება ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმია. მისივე განმარტებით, ბარამიძე "ერთ-ერთი გამორჩეულად გაბედული და ამ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანია".
"გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის, ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია და დატოვა რუსეთის წინაშე მეგობრების გარეშე, თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ბელარუსის უშიშროებასთან და სრული კარტ-ბლანში მისცა ქვეყანაში ცალკე რუსულ სპეცსამსახურებს და ცალკე პრორუსულ ჯგუფებს, რომელმაც გაანადგურა ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება, რომელსაც ფარცხალაძე ჰყავდა გენერალურ პროკურორად და დღემდე მხოლოდ მოსკოვიდან აქებენ და ადიდებენ, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი.
90-იანი წლებიდან მოყოლებული, გიორგი ბარამიძე იბრძოდა ამ ქვეყნის ყველა ომში და მიუხედავად ჩვენს შორის შეხედულებების განსხვავებისა არაერთ საკითხთან მიმართებაში, ის არის ერთ-ერთი გამორჩეულად გაბედული და ამ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი. არ სჭირდება დამატებით გამხნევება, მაგრამ ჩემი სრული მხარდაჭერა მას და ყველას ვინც დღეს რეჟიმის ტყვეობაშია", — წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე 11 სექტემბერს დააკავეს. მისი დაკავების კადრები გიორგი ბარამიძის მეუღლემ გაავრცელა.
პროკურატურის ცნობით, "გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით".
მოგვიანებით, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ბარამიძის ქმედებები მიზანმიმართულად აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, თავდაცვისუნარიანობასა და საერთაშორისო იმიჯს.
უწყების განმარტებით, გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის ფაქტზე წარედგინა, რაც სამშობლოს ღალატის კატეგორიას მიეკუთვნება და 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო. წინასასამართლო სხდომა კი 3 ნოემბერს, 14 საათზე ჩაინიშნა.
სხდომაზე განცხადება გააკეთა თავად ბარამიძემაც. მის კომენტარს "ტვ პირველი" ავრცელებს.
"მეუხერხულება ჩემს თავზე რომ მიწევს ლაპარაკი, რომ არ ვარ სამშობლოს მოღალატე. თუ ვინმე პროპაგანდის მსხვერპლი გახდა, ბოდიშს ვუხდი, ვინც ამ პროპაგანდას წამოეგო, ვინც არ ნახა ჩემი ინტერვიუ," — განაცხადა ბარამიძემ პროცესზე.
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
კომენტარები