უფროსი თაობისგან ხშირად გვესმის, რომ დღეს დრო უფრო სწრაფად გადის და ცხოვრება როგორღაც უფრო აჩქარდა. ალბათ ყველას გვქონია ეს საუბარი — ბებია, ბაბუა ან მშობელი გვიყვება, როგორ ნელა გადიოდა მათი ახალგაზრდობა, რამდენი დრო ჰქონდათ ერთმანეთისთვის, როგორ ხშირად იკრიბებოდნენ ნათესავები, მეგობრები, მეზობლები და რამდენ რამეს ასწრებდნენ. ჩვენ კი კალენდარს ვუყურებთ და გვიკვირს: როდის გავიდა ზაფხული?

სინამდვილეში, დრო არ აჩქარებულა — ჩვენი დროის აღქმა შეიცვალა. ბავშვობაში ჩვენი ცხოვრება ახალი გამოცდილებებით არის სავსე: სკოლა, მეგობრები, პირველი მოგზაურობები, ახალი ადგილები და ინტერესები. ერთი წელი უამრავ განსხვავებულ მოვლენას იტევს, ამიტომ უკან რომ ვიხედებით, ბევრი მოგონება გვხვდება და ეს პერიოდი უფრო ხანგრძლივი გვეჩვენება, თან სკოლის პერიოდში არდადეგები დასასვენებლად მეტ დროსაც გვაძლევდა.

ზრდასრულობაში კი ხშირად პირიქით ხდება. დღეები ერთმანეთს ემსგავსება — სამსახური, სახლი, ყოველდღიური საქმეები, შაბათ-კვირის ლოდინი და ისევ იგივე. რაც უფრო რუტინული ხდება ცხოვრება, მით ნაკლები გამორჩეული მოვლენა რჩება მეხსიერებაში. ამიტომ, უკან მიხედვისას რამდენიმე თვე შეიძლება ერთ მოკლე მონაკვეთად მოგვეჩვენოს.

ალბათ ამიტომაც იყო ბავშვობაში ერთი ზაფხული თითქოს უსასრულო, ახლა კი მთელი სეზონი ისე გადის, ვერც ვიგებთ. თანაც, ხშირად უკვე შვებულებიდან შვებულებამდე ვცხოვრობთ — ორი კვირა, რომელსაც მთელი წელი ველოდებით, თვალის დახამხამებაში მთავრდება.

მაგრამ აქ კიდევ ერთი კითხვა ჩნდება: იქნებ, პრობლემა მხოლოდ დროის აღქმაში არ არის? იქნებ, ჩვენი ცხოვრება რეალურად უფრო დატვირთული გახდა?

უფროსი თაობის მონათხრობებში ხშირად გვესმის, რამდენად მარტივი იყო მაშინ ერთმანეთის ნახვა. დღეს კი მეგობართან შეხვედრის დაგეგმვაც ზოგჯერ პატარა პროექტს ჰგავს: "ამ კვირაში ვერა", "შემდეგ ოთხშაბათს შემიძლია", "ლანჩზე შევხვდეთ" — და ბოლოს შეხვედრას რამდენიმე კვირით ადრე გუგლის კალენდარში ვინიშნავთ. თან, ეს შეხვედრებიც ხშირად უბრალოდ ერთმანეთისთვის იმის მოყოლას ეთმობა, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ბოლოს ვნახეთ ერთმანეთი. თითქოს ერთად ახალი მოგონებების შექმნაზე მეტად, ერთმანეთის ცხოვრებაში მომხდარი ამბების მოყოლა გვიწევს. და ამასაც ნელ-ნელა ვეგუებით — გვგონია, რომ ზრდასრულობაში მეგობრობა უბრალოდ ასეთია.

ცხოვრების ეს ტემპი განსაკუთრებით შესამჩნევია დიდ ქალაქებში, სადაც დღის დიდი ნაწილი სამსახურს, გადაადგილებასა და სხვა ვალდებულებებს მიაქვს. ამას თანამედროვე სამუშაო კულტურაც ემატება — მუდმივი კონკურენცია, პროდუქტიულობის მოთხოვნა და განცდა, რომ თუ ცოტა ხნით გაჩერდები, შეიძლება სხვა შენზე წინ წავიდეს. აშშ-ში ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს, სადაც კარიერული წარმატება ხშირად ცხოვრების ცენტრალურ ნაწილად არის ქცეული — თითქოს ადამიანები ცხოვრობენ იმისთვის, რომ იმუშაონ და არა მუშაობენ იმისთვის, რომ იცხოვრონ.

სოფელსა და ქალაქს შორის განსხვავებაც საინტერესოა. რა თქმა უნდა, ყველა სოფელი მშვიდი არ არის და ყველა ქალაქი გადატვირთული, თუმცა გარემოში, რომელიც ნაკლებად არის მიბმული ოფისსა და სოციალურ ქსელებში მუდმივ ყოფნაზე, ხშირად უფრო მეტი ადგილი რჩება რეალურად ღირებული რაღაცებისთვის.

სწორედ ამიტომ, ევროპის ქვეყნებში სულ უფრო ხშირად საუბრობენ სამუშაო დროის შემცირებაზე, მოქნილ გრაფიკზე, ჰიბრიდულ და დისტანციურ მუშაობაზე, მათ შორის ოთხდღიან სამუშაო კვირაზეც. იდეა მარტივია — სამსახურის გარდა ცხოვრებისთვისაც უნდა გვრჩებოდეს დრო.

ამას “დროის დეფიციტს”, იგივე time poverty-ს უწოდებენ. დრო არ აჩქარებულა. ჩვენ გავიზარდეთ, ჩვენი დღეები უფრო ერთნაირი გახდა და შეიძლება იმაზე ნაკლები დრო დაგვრჩა ცხოვრებისთვის, ვიდრე ვიაზრებთ.

ალბათ, დროის შენელება შეუძლებელია, მაგრამ შეგვიძლია მეტი ისეთი მომენტი შევქმნათ, რომელიც დაგვამახსოვრდება — ვნახოთ ადამიანები, რომლებიც გვიყვარს, წავიდეთ ახალ ადგილებში, ვისწავლოთ რაღაც ახალი, დავუთმოთ დრო ჰობს და ზოგჯერ უბრალოდ გავჩერდეთ.

იმიტომ, რომ საბოლოოდ მთავარი კითხვა შეიძლება ის კი არ იყოს, “რატომ გადის დრო ასე სწრაფად?”, არამედ — “რამდენს ვასწრებთ ამ დროში რეალურად ცხოვრებას?”