ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად — მამუკა ბარათაშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად კი მერაბ გამყრელიძე დაინიშნა. ფინანსტა სამინისტროს ცნობით, მამუკა ბარათაშვილი ამავე დროს, გააგრძელებს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას.

"შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის 2026 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა, რომელიც ამავე დროს, გააგრძელებს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას", — წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერი ირაკლი კობახიძე სამსახურების ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა მათ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მამუკა ბარათაშვილს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. მათ შორის, 2020-2021 წლებში იგი იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, 2011-2020 წლებში ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტს, სხვადასხვა პერიოდში, ასევე, იყო შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მერაბ გამყრელიძეს ამ დრომდე შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. მას საგამოძიებო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში იყო საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ასევე, ეკავა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობა, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე.


შეგახსენებთ, რომ მამუკა ბარათაშვილმა შემოსავლების სამსახურის უფროსად მიხეილ მაღლაკელიძე შეცვალა — მაღლაკელიძემ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა.

მერაბ გამყრელიძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად ლევან ხარაბაძე შეცვალა — ხარაბაძემაც თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა.

"ტვ პირველის" ცნობით, ორივე მათგანი გადადგომის ოფიციალურ მიზეზად ოჯახური მდგომარეობა დაასახელა.

მიხეილ მაღლაკელიძე პოსტზე 2026 წლის 27 აპრილს დაინიშნა. რაც შეეხება ლევან ხარაბაძეს, ის პოსტზე 2026 წლის 1-ელი მაისიდან იყო.