პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, რის შემდეგაც "ყველა ერთად დაისვენებენ". მისივე განმარტებით, "მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაში და მძიმე პროცესები ვითარდება".

"ჩვენ პირველ რიგში, ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას [პარტიების აკრძალვის შესახებ]. მე მგონი, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ. მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაში და მძიმე პროცესები ვითარდება და ეს ყველაფერი არის სისუსტის გამოძახილი, ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებ.

კიდევ ერთხელ, ეს [ერთმანეთისთვის "გაყიდულების" დაძახება] არის სისუსტის გამოხატულება, როდესაც სუსტდება რაიმე ორგანიზმი, შემდეგ ამას აქვს თავისი გამოვლინება და ამ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირება, ლანძღვა, არის რა თქმა უნდა, ამის გამოხატულება", — თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით პირველი სარჩელი 2025 წლის 31 ოქტომბერი იქნა შეტანილი. მაშინ საუბარი იყო 3 პარტიის აკრძალვაზე. ესენია: ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა (ენმ), კოალიცია ცვლილებისთვის (გვარამია, მელია, გირჩი, დროა), ძლიერი საქართველო — ლელო (ხალხისთვის, თავისუფლებისთვის).

სარჩელს 88 დეპუტატი აწერდა ხელს (ქართული ოცნება + ხალხის ძალა + ევროპელი სოციალისტები).

მეორე (განახლებული) სარჩელი: 2026 წლის 20-21 აპრილს შეიტანეს. ქართულმა ოცნებამ ძველი სარჩელი უკან გამოითხოვა და ახალი შეიტანა, სადაც იმავე სამ პარტიას დაემატა მეოთხე — ფედერალისტები (თამარ ჩერგოლეიშვილი, გიგა ბოკერია). მიზეზად დაასახელეს 2026 წლის 2 მარტს შექმნილი ოპოზიციური ალიანსი, რომელშიც 9 პარტია გაერთიანდა და ფედერალისტებმაც გაიზიარეს "არაკონსტიტუციური მიზნები".

ორივე შემთხვევაში, მცირე პარტიები (დროა, გირჩი-მეტი თავისუფლება, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, რესპუბლიკური პარტია) სარჩელში მოხსენიებულია, მაგრამ მათი აკრძალვა ჯერჯერობით მოთხოვნილი არ არის "არსებითი გავლენის არქონის" გამო. სარჩელში გახარია საქართველოსთვის საერთოდ არ ფიგურირებს.