თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიან სასჯელზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ბურჭულაძესთან ერთად საპროცესო შეთანხმება გაუფორმა მის ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავასაც.

შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა პენიტენციურ დაწესებულებას სექტემბრის ბოლოს დატოვებენ. ჯუანშერ ბურჭულაძე კი — 2 წელში, რადგან ერთი წელია უკვე პატიმრობაშია.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით:

ჯუანშერ ბურჭულაძეს სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 3 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 — პირობით ჩაეთვლება. ყოფილ მაღალჩინოსანს ასევე დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით. ამას გარდა, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ქონება, მათ შორის მიწა და სახლი მალაგის პროვინციაში, ასევე სახლი, ავტოსადგომი და საზაფხულო ფართი თბილისში, ნუშის ბაღების ქუჩაზე და 2 წლის ვადით აეკრძალა თანამდებობის დაკავება

ვასილ მხეიძეს 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით. მხეიძეს 100 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

გიორგი ხაინდრავასაც 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით. მასაც 100 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა.


საპროცესო შეთანხმებას წინ უძღოდა ქრთამის აღების საქმეზე ბურჭულაძის მიერ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. პროკურატურის განმარტებით, ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება "გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით“ გაუფორმდა.

რაც შეეხება საქმის დეტალებს, უწყების ცნობით, 2022 წლის ბოლოს თავდაცვის სამინისტროს გაუჩნდა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურის საიდუმლო წესით შესყიდვის საჭიროება. ბურჭულაძემ, თავისი ნათესავის, ვასილ მხეიძის მეშვეობით, ბიზნესმენს შესთავაზა შესყიდვის ისეთი პირობები, რაც წინასწარ განსაზღვრული კომპანიის გამარჯვებას უზრუნველყოფდა, სანაცვლოდ კი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ქრთამის სახით მოთხოვნა დააყენა. ბიზნესმენის თავდაპირველი ყოყმანის შემდეგ, ბურჭულაძემ საკითხზე შეთანხმდა მაშინდელ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელმაც თავად მოითხოვა თანხის ნაწილი და გარანტია მისცა ბიზნესმენს.

შეგახსენებთ, 24 აგვისტოს პროკურატურამ ამ საქმეზე საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა. დანაშაული 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების განცხადებით, 12 აგვისტოს, პროკურატურას გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით მომართა მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ და გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. ასევე დაიკითხა და გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც.