ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა, — ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. გამოცემის ცნობით, ეს ინფორმაცია ეჭვქვეშ აყენებს ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებებს, რომლის თანახმადაც, აშშ-სთან რამდენიმე თვე გაგრძელებული ომის შედეგად ირანის სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შემცირდა.

აშშ-ისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ოფიციალური პირების ინფორმაციით, ირანმა არსებული კომპონენტების გამოყენებით ახალი რაკეტების აწყობა დაიწყო. წარმოების მასშტაბი ომამდე არსებულზე მცირეა. რაკეტებს რამდენიმე მიწისქვეშა ობიექტზე, მათ შორის სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში მდებარე ხოჯირის სარაკეტო ობიექტზე, აწყობენ. მათი თქმით, ირანის ხელისუფლება ახალ მიწისქვეშა საწარმოო ობიექტებზე მუშაობს, რათა მომავალში ამერიკული თავდასხმებისგან თავი დაიცვას.

აშშ-მა და ისრაელმა ირანის რამდენიმე სამრეწველო ობიექტი დააზიანეს, ხოლო აშშ-ის საზღვაო ბლოკადამ ქვეყანაში რაკეტების საწარმოებლად საჭირო კომპონენტებისა და საწვავის დასამზადებელი მასალების იმპორტი შეაფერხა. ერთ-ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, ირანმა წარმოება, სავარაუდოდ, მას შემდეგ განაახლა, რაც ივნისში თეირანმა და ვაშინგტონმა ომის დასრულების შესახებ დროებით სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს.

აშშ-ში მოქმედი Missile Defense Advocacy Alliance-ის უფროსი ანალიტიკოსი ტალ ინბარი WSJ-სთან ამბობს, რომ ირანს, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ აქვს ათასობით ბალისტიკური რაკეტა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა The Hill-ს განუცხადა, რომ აშშ "აკვირდება ირანს და მის თითოეულ ნაბიჯს ხედავს". მისი თქმით, ვაშინგტონი კვლავ იმ პოზიციაზეა, რომ აშშ-ის თავდასხმებმა ირანის სამრეწველო ობიექტები, სამხედრო-საზღვაო ძალები, საჰაერო თავდაცვა და ბირთვული ობიექტები გაანადგურა.

"ირანი ახლა უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და პრეზიდენტი ტრამპი არასდროს დაუშვებს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი მიიღოს", — განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა შონ პარნელმა WSJ-ს უთხრა, რომ აშშ-მა ირანის დრონების, ბალისტიკური რაკეტებისა და საზღვაო ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის 90%-მდე გაანადგურა და ქვეყნის დრონებისა და სარაკეტო შესაძლებლობები "მნიშვნელოვნად შეამცირა".


კონფლიქტი უკვე მეექვსე თვეა გრძელდება და ამ ეტაპზე სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ნიშნები არ ჩანს. აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლია, რომელიც ირანმა ჩაკეტა და შედეგად რეგიონიდან მსოფლიოს ნავთობის მიწოდების დაახლოებით 20% შეფერხდა. ამას საწვავის ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა, რამაც აშშ-ში კონფლიქტის მიმართ უკმაყოფილებაც გააძლიერა.