შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის განახლებული ელექტრონული ცნობარი გამოაქვეყნა, რომელიც აბიტურიენტებს ე.წ. მეორადი ჩარიცხვისთვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევაში დაეხმარება.

დოკუმენტში დეტალურადაა წარმოდგენილი უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების პროგრამები და ვაკანტური ადგილები. ცნობისთვის, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14-დან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

"შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები.

ე.წ. მეორადი ჩარიცხვისთვის პროგრამების არჩევის პროცესში აბიტურიენტებს დაეხმარებათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განახლებული ელექტრონული ბუკლეტი — "ცნობარი აბიტურიენტებისთვის". ცნობარში მოცემულია დეტალური ინფორმაცია უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ.

პროგრამების ასარჩევად 14 სექტემბრიდან 18 სექტემბერის ჩათვლით აბიტურიენტი უნდა ეწვიოს სარეგისტრაციო პორტალს www.online.naec.ge, აირჩიოს ბანერი — "ერთიანი ეროვნული გამოცდები — მეორადი ჩარიცხვა", გაიაროს ავტორიზაცია პირადი ნომრითა და უკვე არსებული პაროლით, შემდეგ კი აირჩიოს სასურველი საგანმანათლებლო პროგრამები", — აღნიშნულია NAEC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარგადალახულ, თუმცა კონკურსის გამო მიღმა დარჩენილ 1795 აბიტურიენტს ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცემა. აღნიშნულის შესახებ განცხადება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ 31 აგვისტოს გააკეთა.

მისი განმარტებით, გადაწყვეტილება პრემიერ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებით, საგამონაკლისო წესით მიიღეს.