საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქტივისტი თორნიკე რაზმაძის საქმეს ეხმაურება. საია-ს შეფასებით, რაზმაძის მიმართ, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია.

ორგანიზაციის შეფასებით, შსს-ს მიერ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის საბაბით კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასჯა შემაშფოთებელ პრაქტიკად იქცა, რომელიც "საზოგადოების დაშინებას, მწვავე პოლიტიკური გამოხატვის დასჯას და მსუსხავი ეფექტის შექმნას ისახავს მიზნად".

ორგანიზაცია შსს-ს მოუწოდებს შეწყვიტოს აღნიშნულ საქმეზე დაწყებული წარმოება და "თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან".

"საია მიიჩნევს, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, ფეისბუქ კომენტარის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს აღნიშნულ საქმეზე დაწყებული წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან.

შსს-ს მიერ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის საბაბით კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასჯა შემაშფოთებელ პრაქტიკად იქცა, რომელიც საზოგადოების დაშინებას, მწვავე პოლიტიკური გამოხატვის დასჯას და მსუსხავი ეფექტის შექმნას ისახავს მიზნად.

ეს შემთხვევა განსაკუთრებით ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო სრულიად უგულებელყოფს კომენტარის კონტექსტს და საჯარო დისკუსიაში მის მნიშვნელობას, ამ შემთხვევაში, მსუსხავი ეფექტის შექმნის სამიზნე, მათ შორის, კრემლის ანტი-ქართული პროპაგანდისადმი კრიტიკული გამოხატვაც ხდება," — წერს ორგანიზაცია.

აქტივისტ თორნიკე რაზმაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინიტრო კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფისთვის ედავება. უწყების მტკიცებით კი, აქტივისტის წინააღმდეგ სამართალწარმოება ირაკლი კობახიძის შეუარცხყოფის გამო დაიწყო.

საქმე ეხება რაზმაძის მიერ განთავსებულ ვიდეოს, სადაც აქტივისტი სიმონიანის განცხადებას პასუხობს. კერძოდ, სიმონიანმა განაცხადა: "როგორც ერეკლე მეორე მოვიდაო და გეორგიევსკის ტრაქტატით რუსებს მუხლებზე დამდგარი გვეხვეწებოდა მფარველობის ქვეშ მიღებასო, სხვა ქართველებიც — აი, ეს ახალი ირაკლები — ეგრე მოვლენ და მუხლებზე დამდგარი მოფორთხდებიან და შეგვეხვეწებიან, რომ ჩვენი მფარველობის ქვეშ მივიღოთ".

პროპაგანდისტის ამ განცხადებასთან დაკავშირებით რაზმაძემ ვიდეო ჩაწერა, სადაც სიმონიანის და ირაკლი კობახიძის რუსოფობიისთვის მიძღვნილ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებები ერთმანეთს შეადარა. მოგვიანებით კი, რაზმაძემ ამავე ვიდეოზე კომენტარი "ამათი დედას შევე*ი "ნა კალენიახ" დატოვა. სწორედ ეს კომენტარი გახდა შსს-ს რეაგირების მიზეზი.