ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა რესპუბლიკაში გავრცელებული ჩაცმულობისა და იერსახის გარკვეული სტილი მკაცრად გააკრიტიკა და მამაკაცებს მოუწოდა, თავი შეიკავონ გრძელი წვერის ტარებისგან, რადგან ეს ახალგაზრდებს ცუდ მაგალითს აძლევს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

აღნიშნული განცხადება მან რეგიონის უსაფრთხოების უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას გააკეთა.

კადიროვის თქმით, მან შეამჩნია მამაკაცები, რომლებსაც განსაკუთრებით გრძელი წვერი აქვთ, თუმცა, მისივე სიტყვებით, ისინი არც პარასკევის ლოცვებს ესწრებიან და არც მეჩეთში დადიან რეგულარულად. მან ზოგიერთი მათგანი ქუჩებში უქმად ხეტიალში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათი გარეგნობა უცნაურ ტენდენციად იქცა, რომლის მიბაძვასაც ახალგაზრდა თაობა იწყებს.

"ჩვენთან მამაკაცები ძალიან გრძელი წვერით დადიან. ამავდროულად, ისინი არ ესწრებიან პარასკევის საერთო ლოცვას, არ დადიან მეჩეთებში, მთელი დღე-ღამის განმავლობაში ქუჩებში დასეირნობენ და არაფერს აკეთებენ. გრძელი წვერი და აკეცილი შარვლები ერთგვარ უცნაურ მოდად აქციეს, ახალგაზრდა თაობა კი მათ მიბაძვას იწყებს. მოვუწოდებ მათ: დაამოკლეთ წვერი და ატარეთ ის რელიგიის შესაბამისად", — განაცხადა კადიროვმა.

ჩეჩნეთის ლიდერი ქალთა ჩაცმულობაში მომხდარ ცვლილებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ზოგიერთმა ქალმა სახის სრულიად დაფარვა დაიწყო (პირბადით/ჩადრით), რაც, მისი თქმით, ტრადიციულად რესპუბლიკისთვის დამახასიათებელი არ ყოფილა.

"მათაც უნდა მოვუწოდოთ, ჩაიცვან ისლამის შესაბამისად, არაბული სტილის ტანსაცმლის გარეშე. ბურკა აქ არასდროს უტარებიათ", — დასძინა კადიროვმა.