რუსეთის შეიარაღებულ ძალებში "მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფის" ჩამოყალიბების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ეხმაურება. მის კომენტარს "საპატრიარქოს უწყებანი" ავრცელებს.

ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ "კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისათვის ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის სახელის გამოყენება". მისივე თქმით, "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს".

"უპირველესად აღვნიშნავთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხრიდან იღუპება მართლმადიდებელი მოსახლეობა, რასაც დიდი გულისტკივილით ვადევნებთ თვალს. ჩვენ ვლოცულობთ და შევთხოვთ წმინდანებს, მათი მეოხებით უფალმა მშვიდობა მიმადლოს უკრაინას, რუსეთსა და მთელ მსოფლიოს. ასეთ დროს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ყოველგვარი კონსულტაციის ან მისი აზრის გათვალისწინების გარეშე, სრულიად მოულოდნელად გაუგონარი ფაქტის წინაშე დავდექით.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისათვის ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის სახელის გამოყენება, წმინდა მამის ღვაწლი და ცხოვრება ხომ სრულად მიძღვნილი იყო უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს რწმენისადმი, ადამიანთა შორის სიყვარულისა და კაცთმოყვარეობის ქადაგებისადმი.

შეშფოთებასა და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს.

ჩანს, ამ ინიციატივის ავტორები ცუდად იცნობენ წმინდა გაბრიელის ცხოვრებას. ამ ფონზე აღნიშნული ქმედება აღიქმება, როგორც მიკერძოებული სპეკულაცია ეკლესიის სახელით.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს", — აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა სამთავრობო მედიამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ დონეცკში ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში, ქართველმა მოხალისეებმა წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელობის რაზმისა და "ნეველის" ბრიგადის რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" გადასცეს. ამის შესახებ TASS-ს ქართველმა პოლიტიკოსმა და უფლებადამცველმა ბესო დანელიამ " განუცხადა.