"საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ" აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უძრავი ქონების პრივატიზაციის პროცესი შეისწავლა. ორგანიზაციის მონიტორინგმა აჩვენა, რომ სახელმწიფო ქონების გასხვისება ხშირად კონკურენციის გარეშე და მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირების სასარგებლოდ ხორციელდება.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, პროცესის ფორმალურობასა და საეჭვო ხასიათზე ისიც მიუთითებს, რომ ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანია — შპს "გოდე 2026" — აუქციონის დასრულებამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე დაფუძნდა.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

უკონკურენტო აუქციონები — 2025 წლის იანვრიდან გამოცხადებული 69 ელექტრონული აუქციონიდან 54 არ შედგა. შემდგარი 15 აუქციონიდან 8 შემთხვევაში ქონება სრულიად უკონკურენტოდ, საწყის ფასზე მინიმალური ბიჯით გასხვისდა.

პოლიტიკური კავშირები და ნეპოტიზმი — პრივილეგირებულ მყიდველებს შორის არიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობარი (რომელმაც კურორტ გოდერძიზე მიწა მინიმალური, 3 300-ლარიანი ფასნამატით შეიძინა) და ქართული ოცნების ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი შოთა ფუტკარაძე, რომელიც ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორიას დაეუფლა.

მილიონიანი შეწირულობები და ტენდერები — დასახელებული კომპანიების მფლობელებსა და მათ ოჯახის წევრებს ქართული ოცნებისთვის ჯამში 1 387 000 ლარი აქვთ შეწირული. თავის მხრივ, აუქციონში გამარჯვებულმა ორმა კომპანიამ სახელმწიფო ტენდერებიდან დამატებით 59.5 მილიონ ლარზე მეტი მიიღო (აქედან თითქმის 16 მილიონი — უკონკურენტოდ).

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" შეფასებით, აღნიშნული პრაქტიკის გამო სახელმწიფო ბიუჯეტმა მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა. იმ ფონზე, როდესაც მმართველი გუნდის ელიტა ქონებას მინიმალურ ფასად იფორმებს, აჭარის ბიუჯეტში დაგეგმილი 125 მილიონის ნაცვლად, მხოლოდ 4.5 მილიონი ლარის უძრავი ქონება გასხვისდა, რაც გეგმის 3.6%-ს შეადგენს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევა სრულად იხილეთ აქ.