საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SovLab) ერთ-ერთია იმ ხუთ ორგანიზაციას შორის, რომლებიც გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციამ (IPA) გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში დაასახელა.

ჯილდო წელს პირველად გაიცემა, გამარჯვებული კი 7 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოვლინდება.სოვლაბთან ერთად, მოკლე სიაში მოხვდნენ ასოციაცია The Media Coalition (აშშ), Penguin Random House-ის გამომცემლობა (აშშ), ფონდი StraightForward (გერმანია) და თურქ ჟურნალისტთა ასოციაცია (თურქეთი)

"პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად, სოვლაბს ანტიკომუნისტური წინააღმდეგობის, პოლიტიკური რეპრესიებისა და საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად განხორციელებული აქვს დამოუკიდებელი კვლევები, ჩატარებული აქვს საჯარო ღონისძიებები, გამოქვეყნებული აქვს ოცზე მეტი წიგნი და სტატიები", — აღნიშნულია IPA-ის განცხადებაში.

ასოციაციის პრეზიდენტი გვანცა ჯობავა ამბობს, რომ მოკლე სიაში მოხვედრილი ორგანიზაციები გვიჩვენებენ, "როგორ შეგვიძლია ვიბრძოლოთ გამოხატვის, გამოცემისა და კითხვის თავისუფლებისთვის. მათი გამოცდილება ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს".

IPA არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს 85 ქვეყანაში საგამომცემლო ინდუსტრიის 107 ასოციაციას აერთიანებს. მისი ისტორია 130 წელს ითვლის, საქმიანობის მთავარი მიმართულებები კი საავტორო უფლებებისა და გამოცემის თავისუფლების დაცვა, ცენზურასთან ბრძოლაა.