ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი ოცნების დეპუტატის თენგიზ შარმანაშვილის კომენტარს ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილზე, სადაც ის აცხადებს, რომ მან "თავად ჩაირტყა დანა ზურგში".

თამაზაშვილი წერს, რომ "ტყუილია ის, რომ ირაკლის სახლიდან ოქროს ზოდები, საათები და ძვირფასეულობა ამოიღეს — არსებობს ჩხრეკის ოქმი, სადაც არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი ნივთი ნახსენები არ არის! თანხას რაც შეეხება, მოვა მაგის დროც, როცა საზოგადოება სიმართლეს შეიტყობს". ამის შემდეგ ის თენგიზ შარმანაშვილს წარსულს ახსნებს — ჩამოთვლის, რომ "მონაწილეობდა ეროვნული ხელისუფლების დამხობაში, დამხობის შემდეგ მუშაობდა შევარდნაძის ვერტიკალში, შემდეგ "ვარდების რევოლუციის" მხარდამჭერი გახდა". მისი თქმით, "ამ გზის გამვლელი კაცი" ზურგში დანის ჩარტყმაზე არ უნდა ქილიკობდეს.

"თენგიზ შარმანაშვილს უთქვამს, ირაკლი ღარიბაშვილმა თვითონ ჩაირტყა დანა ზურგშიო. ეს დღეებია ვაკვირდები და სადაც კამერას დაინახავს, მიირბენს და იგესლება. თან ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს. ტყუილია ის, რომ ირაკლის სახლიდან ოქროს ზოდები, საათები და ძვირფასეულობა ამოიღეს — არსებობს ჩხრეკის ოქმი, სადაც არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი ნივთი ნახსენები არ არის! თანხას რაც შეეხება, მოვა მაგის დროც, როცა საზოგადოება სიმართლეს შეიტყობს...

დავუბრუნდეთ ბატონ თენგიზს და მის მიერ ზურგში დანის ჩარტყმის ხსენებას — ესე იგი, ირაკლიმ თავად ჩაირტყა დანა ზურგშიო. ბატონო თენგიზ, როცა მონაწილეობ ეროვნული ხელისუფლების დამხობაში, დამხობის შემდეგ მუშაობ შევარდნაძის ვერტიკალში, შემდეგ "ვარდების რევოლუციის" მხარდამჭერი ხდები და სააკაშვილს უწერ ისეთ კონსტიტუციას, რომლითაც, ფაქტობრივად, უვადოსა და ხელშეუხებელს ხდი მის მმართველობას. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვება, თქვენი დაწერილი კონსტიტუციით სააკაშვილი საქართველოს სამუდამო მმართველად გვევლინებოდა!

გავაგრძელოთ: მას შემდეგ, რაც სააკაშვილი დამარცხდა და თქვენც მოგიწიათ კედელზე ჩამოკიდებული მისი სურათის ნაგვის ყუთში მოსროლა, ძველი პუტჩისტი მეგობრების წყალობით გამონახეთ გზა და მოხვდით "ქართულ ოცნებაში". ეჭვი არ მეპარება, მერეც სადღაც მოხვდებით.

აი, ამ გზის გამვლელი კაცი გამოდის და ზურგში დანის ჩარტყმაზე ქილიკობს. ქართველმა ხალხმა იცის, თუ რას ნიშნავს ზურგში დანის ჩარტყმა. ქართველმა ხალხმა იცის, რა ეწოდება თქვენ მიერ გავლილ გზას!", — წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს ექსპრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან მე-6 წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ არავის ებრძვის, ზურგში დანა მათ ჩაარტყეს. ახლა კი იძულებულია, დაიცვას თავი და ოჯახს.