მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება "ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს". მთავრობის მეთაურის განმარტებით, მოსწავლეებს ასევე დაემატებათ ახალი არჩევითი კურსები — ფინანსური წიგნიერება, მედიაწიგნიერება, წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი.

"უახლოეს მომავალში დასრულდება ეს პროგრამა და მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს. მთლიანად იქნება გადახედილი ეს სახელმძღვანელოები ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმის და ზოგადი განათლების მიზნების შესაბამისად. ასევე 100 სკოლაში იხსნება რობოტიკის კლუბი. საბაზო საფეხურზე დამატებით 100 სკოლაში იხსნება სტემ კლუბი. ჯამურად სტემ კლუბები იქნება 500 სკოლაში წარმოდგენილი. ფართოვდება სამხედრო საქმის პროგრამა. არსებულ 140 სკოლას დაემატება 100 სკოლა ამ თვალსაზრისით და ეს სწავლება განახლებული თანამედოვე რესურსებით განხორციელდება. ასევე გრძელდება ღირებულებითი განათლების კლუბების პროგრამა. 140 სკოლას ამ კუთხით დაემატება 60 სკოლა. მოსწავლეებს ასევე დაემატებათ ახალი არჩევითი კურსები — ფინანსური წიგნიერება, მედიაწიგნიერება, წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 21 არაქართულენოვან სკოლაში ქართული სექტორი გაიხსნა, გადამზადებულია 600-ზე მეტი ბილინგვური სწავლების სპეციალისტი და პროგრამაში ჩართული სკოლები უზრუნველყოფილია შესაბამისი ბილინგვური საგანმანათლებლო რესურსებით," — განაცხადა კობახიძემ.

სხდომაზე კობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმაზეც ისაუბრა. საბოლოო შედეგებით, საგამოცდო პროცესში მონაწილე 39 689 აბიტურიენტიდან უმაღლეს და პროფესიულ დაწესებულებებში სწავლის უფლება 34 150-მა მოიპოვა. კობახიძის განცხადებით, რეფორმის პირველ წელს 3 000 აბიტურიენტს, რომელმაც ზღვარი გადალახა და ვერ მოხვდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მეორადი ჩარიცხვის შანსი ეძლევა.

"აგვისტოში გამოქვეყნდა ჩარიცხვის საბოლოო შედეგები. საგამოცდო პროცესში მონაწილე 39 689 აბიტურიენტიდან უმაღლეს და პროფესიულ დაწესებულებებში სწავლის უფლება 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. ეს იყო პირველი წელი რეფორმის დაანონსებიდან და შესაბამისად, ამის გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვის თაობაზე. იყვნენ სტუდენტები, რომლებმაც გადალახეს მინიმალური ზღვარი ან უმაღლესი საუნივერსიტეტო სასწავლებლებისთვის, ან პროფესიული განათლების სფეროში, თუმცა ვერ მოხვდნენ შესაბამის პროგრამებზე. ჩვენ ასეთი აბიტურიენტებისთვის მივიღეთ გადაწყვეტილება მეორადი ჩარიცხვის თაობაზე, რაც დაახლოებით 3 000-სტუდენტს მისცემს დამატებით მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.