სომხეთმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) ფარგლებში რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები გაასაჩივრა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ტიგრან გასპარიანმა ბრიფინგზე განმარტა, რომ ერევანი რუსულ მხარესთან შეზღუდვების განხილვას განაგრძობს, თუმცა პარალელურად, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მექანიზმებიც აამოქმედა.

"ჩვენ შევიტანეთ საჩივარი და ვიმედოვნებთ და დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს მექანიზმები დაბრკოლებების მოსახსნელად იმუშავებს", — განაცხადა გასპარიანმა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სომხური მხარის მოსაზრებით, მოქმედი შეზღუდვები ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მიღწეულ შეთანხმებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. შესაბამისად, სომხეთი მათ გაუქმებას შეეცდება.

"ჩვენი აზრით, ეს დაბრკოლებები ეწინააღმდეგება EAEU-ს ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებებსა და პრინციპებს. სწორედ იმიტომ ვიბრძვით, რომ ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა თავისი პრინციპების შესაბამისად იფუნქციონიროს", — განაცხადა გასპარიანმა.

ცნობისთვის, რუსეთმა სომხეთიდან საქონლის იმპორტზე შეზღუდვების დაწესება მაისში დაიწყო. ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა სომხური ყვავილების იმპორტი აკრძალა და შეზღუდა პომიდვრის, კიტრის, მწვანილისა და მარწყვის მოწოდება. შეზღუდვები ასევე შეეხო ბალს, ყურძენს, ვაშლს, მსხალს, კომშს, ბადრიჯანს, კარტოფილსა და ჩირეულს. მოგვიანებით შეჩერდა თევზისა და თევზის პროდუქტების იმპორტიც. ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა, ასევე, სომხეთში წარმოებული უხარისხო ალკოჰოლური სასმელების აღმოჩენის შესახებაც განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ მიწოდების შემფერხებელი მოსკოვის მიერ დაწესებული შეზღუდვები იყო. აგვისტოში, სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსეი ფადეევმა ეს მოვლენები აღწერა, როგორც რეალობა, რომლის წინაშეც სომხეთი აღმოჩნდებოდა, თუ რუსეთთან ტრადიციულ ეკონომიკურ კავშირებს გაწყვეტდა.

რუსული მედიის ცნობით, შეზღუდვები ევროკავშირთან სომხეთის დაახლოების გამო წარმოქმნილი უთანხმოების ფონზე დაწესდა. მაისში რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ლიდერებმა სომხეთის რესპუბლიკას მოუწოდეს, რაც შეიძლება მალე გაეკეთებინა არჩევანი ევროკავშირსა და EAEU-ს შორის და აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმი ჩაეტარებინა. მათ ასევე მოითხოვეს ანგარიშის მომზადება სომხეთისთვის EAEU-ს ხელშეკრულების შეჩერების შესაძლო შედეგების შესახებ.

აგვისტოს ბოლოს სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აპირებს დაიწყოს ევროკავშირის წევრობის განაცხადის წარდგენის პროცესი. მან აღიარა, რომ ქვეყნის ერთდროული წევრობა ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შეუძლებელია. 1-ელ სექტემბერს ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთმა ფაქტობრივად უარი თქვა ორ კავშირს შორის არჩევანის გაკეთების მიზნით რეფერენდუმის ჩატარების იდეაზე, ვინაიდან პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი, რომელმაც ევროინტეგრაციის პროცესს სტარტი 2025 წელს მისცა.