მუნიციპალური განვითარების ფონდმა ფილარმონიის რეაბილიტაციისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოაცხადა. თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაციის პროექტის შემუშავების მიზნით გამოცხადებული წინა ორი კონკურსი არ შედგა.

ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის ბიუჯეტიდან 6,5 მლნ ლარია გათვალისწინებული.

"პროექტის ძირითადი მიზანია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის – თბილისის სახელწიფო საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) შენობის სრულყოფილი რეაბილიტაცია, მისი ადაპტაცია თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებთან, და შესაბამისი საინჟინრო სისტემების ინტეგრაცია. რეაბილიტაციის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შენობის თავდაპირველი არქიტექტურული სახის შენარჩუნებასა და აღდგენას.

პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს რესურსების ეფექტური გამოყენება და თანამედროვე საინჟინრო და ტექნოლოგიური სისტემების ინტეგრაცია, რაც ხელს შეუწყობს საკონცერტო დარბაზის გამართულ ფუნქციონირებას;

ეფექტური ფუნქციური განაწილება ისე, რომ შესაძლებელი იყოს საკონცერტო ღონისძიებების, ლექციებისა და სხვა კულტურული აქტივობების დაგეგმვა. საპროექტო დავალება ითვალისწინებს სრულყოფილი რეაბილიტაცია-ადაპტაციის პროექტის შემუშავებას და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, რაც შექმნის მყარ საფუძველს შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად.

პროექტის განხორციელების შედეგად ფილარმონია დაიბრუნებს მრავალფუნქციური კულტურული ცენტრის ფუნქციას ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში", — წერია სატენდერო დოკუმენტაციაში

ცნობისთვის, პირველად შესაბამისი კონკურსი დაახლოებით ერთი წლის წინ - 2025 წლის სექტემბრის ბოლოს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3,8 მლნ ლარი იყო. მაშინ კონკურსი პირობების გასაჩივრების გამო შეწყდა. მოგვიანებით კონკურსი მიმდინარე წლის დასაწყისშიც გამოცხადდა, თუმცა უარყოფითი შედეგით დასრულდა.

ამჯერად კონკურსში წინადადებების მიღება 4 ნოემბერს დაიწყება და 9 ნოემბერს დასრულდება, რის შემდეგაც ცნობილი უნდა გახდეს, ვინ იმუშავებს ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტზე.