ოკუპირებულ დონეცკში ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში, ქართველმა მოხალისეებმა წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელობის რაზმისა და "ნეველის" ბრიგადის რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" გადასცეს. ამის შესახებ რუსულ სამთავრობო მედიას ქართველმა პოლიტიკოსმა და უფლებადამცველმა ბესო დანელიამ " განუცხადა.

"დონეცკის რესპუბლიკაში ჩამოვედით ჩვენი ძმების სანახავად, რომლებიც ფრონტის ხაზზე დგანან და სამშობლოს იცავენ. მებრძოლებს ჰუმანიტარული დახმარება მოვუტანეთ, რაც, ჩვენი დახმარებით, მათ გამოადგებათ", — განაცხადა დანელიამ.

მან განმარტა, რომ თითოეული დანაყოფის მებრძოლებს გადაეცათ მოტოციკლები და თითო "სალოცავი ოთახი".

"დღეს დონბასისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. დღეს დონბასის გათავისუფლების დღეა. ქართული დელეგაცია ჰუმანიტარული დახმარებით ჩამოვიდა. ისინი ამას ღიად აკეთებენ. ამაყობენ, რომ მხარს უჭერენ და მხარეს ირჩევენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში", — აღნიშნა ოკუპირებული დონეცკის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა, ანდრეი კრამარმა.

ცნობისთვის, ბესო დანელია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის პარტია ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობის წევრი იყო.

შეგახსენებთ, მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფის შესახებ ინფორმაცია 2026 წლის იანვარში გავრცელდა. ეს ცნობა მაშინ რუსეთის საპატრიარქოს სამხედრო განყოფილების ოფიციალურ ტელეგრამ-არხზეც გამოქვეყნდა. გავრცელებული მონაცემებით, აღნიშნული ჯგუფი ეთნიკურად ქართველი მებრძოლებისგან შედგება.

შეგახსენებთ, რომ მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფი ერთადერთი ქართული ქვედანაყოფი არაა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარეს იბრძვის. რამდენიმე დღის წინ რუსულმა მედიამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად მოხალისეობრივი ინტერნაციონალური დანაყოფი "გეორგიევსკი" ჩამოყალიბდა, რომლის მეთაური საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და რუსეთის მხარეს მებრძოლი ომარ რომანოვ-ფარცხალაძეა.