ფინანსური დეკლარაციების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა გასულ წელს თეთრი სახლის სამ თანამშრომელს "საახალწლო ფულადი საჩუქარი" გადასცა — $45,000 თითოეულს თავის აღმასრულებელ ასისტენტ ნატალი ჰარპსა და დასავლეთ ფრთის კიდევ ორ თანამშრომელს. ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.

The Washington Post წერს, რომ ეს ქალბატონები დონალდ ტრამპის უახლოეს გარემოცვას მიეკუთვნებიან. ჰარპის გარდა, თანხა მიიღეს მარგო მარტინმა, პრეზიდენტის კომუნიკაციების მრჩეველმა და ოვალური კაბინეტის ოპერაციების დირექტორის მოადგილე ჩემბერლენ ჰარისმა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ ტრამპს აქვს "ხანგრძლივი პრაქტიკა, გადასცეს საშობაო საჩუქრები მის გარემოცვაში მყოფ ადამიანებს. განხილული საჩუქრები არანაირ კავშირში არ არის ამ პირების ოფიციალურ სახელმწიფო მოვალეობებთან და, შესაბამისად, სრულად დასაშვებია შესაბამისი სამართლებრივი და ეთიკური სტანდარტების მიხედვით".

The Washington Post აღნიშნავს, რომ საჯარო მოხელეებს, როგორც წესი, ეკრძალებათ გარე ანაზღაურების მიღება.

დეკლარაციების თანახმად, ამ სამი თანამშრომლის წლიური ხელფასი $150 000-ს შეადგენს.

ამერიკული გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ სამივე მათგანი მჭიდროდ თანამშრომლობს პრეზიდენტთან. აქედან ჰარპი მის ყველაზე ერთგულ თანაშემწედ ითვლება. მას მეტსახელად "ადამიანი-პრინტერი" შეარქვეს, რადგან იგი პრეზიდენტს პორტატიული პრინტერით დაჰყვება, რათა ინფორმაციის ამობეჭდილი ასლები ხელით გადასცეს.