"მარტა კოსის განცხადება სკანდალურია, რადგან ეს კანდიდატი ქვეყნებისთვის ნიშნავს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას", — ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას განცხადებას.

მისი თქმით, "ეს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკას და მათთან მეგობრობის და ახლო ურთიერთობების აკრძალვას ნიშნავს, რადგან MAGA-ს ფილოსოფია მომდინარეობს სწორედ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან".

"დონალდ ტრამპი პრეზიდენტად სწორედ ამ ფილოსოფიით და ამ სლოგანით მოვიდა. ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ვინც იმეგობრებს ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციასთან, მისი ადგილი ევროკავშირში არ არის", — განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისათვის, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა, ევროპის პოლიტიკურ კვლევათა ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატმა ქვეყნებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სგან (Make America Great Again — "კვლავ დიდებული გავხადოთ ამერიკა") დისტანცირება უნდა მოახდინონ.

მან ხაზი გაუსვა, რომ გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნები ფრთხილად უნდა იყვნენ და არ უნდა აღმოჩნდნენ MAGA-ს წარმომადგენლებზე დამოკიდებულნი.

"ჩვენ არ უნდა გავრისკოთ, რომ ჩვენი მომავალი წევრები სხვებზე დამოკიდებული გახდნენ, რაც ჩვენს გრძელვადიან ინტერესებს ეწინააღმდეგება", — განაცხადა კოსმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესში ისტორიაში პირველად "მოწინააღმდეგეები გამოჩნდნენ". დამაზუსტებელ კითხვაზე, ვინ არიან ევროკავშირის "მოწინააღმდეგეები", კოსმა უპასუხა, რომ მათ შორის რუსეთია.

კოსის თქმით, ევროკავშირი ასევე განიცდის ზეწოლას დასავლეთიდან — MAGA-ს იდეოლოგებისგან, რომლებიც ცდილობენ დაარწმუნონ ევროპელები, რომ ევროპული ცივილიზაცია და ეკონომიკა დაღმასვლას განიცდის და ევროპაში ნამდვილი დემოკრატია არ არსებობს.