სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილის უფლებადამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება. უწყებაში განმარტავენ, რომ ინფორმაცია, თითქოს ელიზბარაშვილი სამარტოო საკანში გადაიყვანეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, რადგან ბრალდებული შიმშილობს, იგი შინაგანაწესის შესაბამისად მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში იმყოფება. ხოლო იმის გამო, რომ ელიზბარაშვილი სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომელია, ის განთავსებულია №8 დაწესებულების შესაბამის ფლიგელში, სადაც ამ ეტაპზე სხვა არავინ შიმშილობს — სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მის გარდა სხვა არავინაა.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ბრალდებულს შესახლებისთანავე ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევები, იმყოფება ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და მიეწოდება ქრონიკული დაავადების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტები. გარდა ამისა, პენიტენციური სამსახური უარყოფს ადვოკატის ცნობას ვენტილატორის არქონის შესახებაც და განმარტავს, რომ საკანი უზრუნველყოფილია ჰაერის გამაგრილებლით, ხოლო ტელევიზორით სარგებლობა ყველა ბრალდებულისთვის დადგენილი საერთო წესით, დაწესებულების მაღაზიაში მისი შეძენით არის შესაძლებელი.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს ელიზბარაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში სამარტოო საკანშია გადაყვანილი.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ თამაზ ელიზბარაშვილი, როგორც მოშიმშილე, იმყოფება არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში, რასაც ითვალისწინებს პენიტენციური დაწესებულების შინაგანაწესი.

ამასთან, ვინაიდან ბრალდებული სამართალდამცავი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელია, იგი იმყოფება ფლიგელში, სადაც სასჯელს იხდიან სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომლები და რადგან ამ ეტაპზე №8 პენიტენციურ დაწესებულების ამ ფლიგელში მყოფი პირებიდან სხვა არავინ შიმშილობს, ბრალდებული ელიზბარაშვილი მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში იმყოფება მარტო.

რაც შეეხება სამედიცინო მომსახურების საკითხს, ბრალდებულს, პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებისთანავე, ჩაუტარდა ყველა შესაბამისი გამოკვლევა. ამჟამადაც, როგორც მოშიმშილე, სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და, საჭიროების შემთხვევაში, მას გაეწევა სათანადო მომსახურება.

ამასთან, იგი უზრუნველყოფილია ქრონიკული დაავადების სამკურნალო შესაბამისი მედიკამენტით და მიიღებს მას დანიშნულებისამებრ.

გარდა ამისა, ბრალდებული საკანში უზრუნველყოფილია ჰაერის გამაგრილებლით - ე.წ. ვენტილატორით. შესაბამისად, სიცრუეა მისი უფლებადამცველის განცხადება, თითქოს ბრალდებულს დასახელებული ნივთი არ აქვს.

რაც შეეხება ტელევიზორით სარგებლობის საკითხს, აღნიშნული ნივთი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემთხვევაში, თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა უნდა შეიძინოს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში, დადგენილი წესის შესაბამისად.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირსა და მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ დაზუსტებული, ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია", — წერია უწყების განცხადებაში.

მანამდე, ელიზბარაშვილის უფლებადამცველმა ია სირანიშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ შიმშილობის გამოცხადების შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილი სამატროო საკანში გადაიყვანეს.

"შიმშილობის გამოცხადების შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილი გადაიყვანეს სამარტოო საკანში, სადაც არაფერი არ არის, ასევე მას არ აძლევენ ქრონიკულ მედიკამენტს, დღემდე გრძელდება მასზე და ასევე ჩემზეც ძალადობა", — განაცხადა ია სირანაშვილმა.

შეგახსენებთ, 9 სექტემბერს პატიმრობაში მყოფი ცხოველების უფლებადამცველმა თამაზ ელიზბარაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც წერდა, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებდა და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.

ცნობისთვის, 4 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცხოველების უფლებადამცველს და ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

1-ელ სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს, მანამდე სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს მის ავტომობილში. როგორც პოლიციელები ადგილზე აცხადებდნენ, იარაღს ეძებდნენ. ამას კი წინ უძღოდა რესტორანში მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება ელიზბარაშვილსა და 7 პირს შორის. პროკურატურის ცნობით, მომხდარი სიტყვიერი კონფლიქტის დროს, თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს.

ვრცლად თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე: