კორეის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი იუსტიციის მინისტრის მოადგილის თამარ ზოდელავას განცხადებით, უახლოეს მომავალში საქართველოში გაიხსნება ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც ქართველ და კორეელ სპეციალისტებს შესაძლებლობას მისცემს, ერთობლივად შეიმუშაონ და განახორციელონ ახალი მიდგომები და ინოვაციური პროექტები.

როგორც იუსტიციის სამინისტრო იტყობინება, კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროსთან უკვე გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საქართველოში ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრი ორი ქვეყნის პრაქტიკული თანამშრომლობის პლატფორმა გახდება. ერთობლივი მუშაობის ძირითად მიმართულებებს შორის კი ვირტუალური ასისტენტის განვითარება, ციფრული იდენტობა, ხელოვნური ინტელექტის სახელმწიფო სერვისებში ინტეგრაცია და სხვა თანამედროვე ციფრული გადაწყვეტილებებია.

„კორეელ კოლეგებთან შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, რომლებშიც თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათ შორისაა ვირტუალური ასისტენტი, ციფრული იდენტობა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სახელმწიფო სერვისებში. ამ ტექნოლოგიების დანერგვა საშუალებას მოგვცემს, მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისები კიდევ უფრო სწრაფად, მარტივად და ეფექტიანად მივაწოდოთ“, — განაცხადა ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძემ.