აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ — სწორედ იმ წერტილიდან დაიწყება, სადაც საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრები იკვეთება. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ორ ქვეყანას შორის ამ საკითხზე სრული ურთიერთგაგება არსებობს.

"არსებობს შეთანხმება იმ მიმართულებაზე, საიდანაც ჩვენი საერთო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი უნდა დაიწყოს და შემდგომში გაგრძელდეს. არსებობს შეთანხმება და ურთიერთგაგება იმის შესახებ, რომ სამუშაოები დაიწყება საზღვრის ყველაზე რთული, ჩრდილოეთის მონაკვეთიდან — აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საზღვრების გადაკვეთის წერტილიდან — და გაგრძელდება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ", — განაცხადა ბაირამოვმა.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მხარეთა სადელიმიტაციო კომისიები რეგულარულ შეხვედრებს მართავენ. მისი თქმით, ჩატარდა მრავალი შეხვედრა, ხოლო კომისიების საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტები ორივე ქვეყანაში უკვე დამტკიცებულია.

რაც შეეხება კონკრეტულ დასახლებებსა და ტერიტორიებს, ბაირამოვმა განმარტა, რომ დეტალები ეტაპობრივად განიხილება:

"ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტთან დაკავშირებული საკითხები დელიმიტაციის კომისიის მუშაობის ფარგლებში განიხილება", — დასძინა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.