აქტივისტ თორნიკე რაზმაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინიტრო კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძისთვის შეურაცხყოფას ედავება.

რა განცხადებისთვის ედავებიან ქართველ აქტივისტს?

შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ოქმის თანახმად, "რაზმაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის ქვეშაც 2026 წლის 12 ივნისს შემდეგი შინაარსის კომენტარი დატოვა — "ამათი დედას შევე*ი "ნა კალენიახ".

"აღნიშნული პოსტი არის საჯარო და შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სავარაუდო სამართალდარღვევის ნიშნებს," — აღნიშნულია დოკუმენტში

სსსკ-ის 166 მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს (საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს) — აღნიშნული მუხლი 500-დან 3 000 ლარამდე ჯარიმას ან 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმე ეხება რაზმაძის მიერ განთავსებულ ვიდეოს, სადაც აქტივისტი სიმონიანის განცხადებას პასუხობს. კერძოდ, სიმონიანმა განაცხადა: "როგორც ერეკლე მეორე მოვიდაო და გეორგიევსკის ტრაქტატით რუსებს მუხლებზე დამდგარი გვეხვეწებოდა მფარველობის ქვეშ მიღებასო, სხვა ქართველებიც — აი, ეს ახალი ირაკლები — ეგრე მოვლენ და მუხლებზე დამდგარი მოფორთხდებიან და შეგვეხვეწებიან, რომ ჩვენი მფარველობის ქვეშ მივიღოთ".

პროპაგანდისტის ამ განცხადებასთან დაკავშირებით რაზმაძემ ვიდეო ჩაწერა, სადაც სიმონიანის და ირაკლი კობახიძის რუსოფობიისთვის მიძღვნილ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებები ერთმანეთს შეადარა. მოგვიანებით კი, რაზმაძემ ამავე ვიდეოზე კომენტარი "ამათი დედას შევე*ი "ნა კალენიახ" დატოვა. სწორედ ეს კომენტარი გახდა შსს-ს რეაგირების მიზეზი. საკითხზე news.on.ge შსს-ს უკვე დაუკავშირდა და მათგან ელის განმარტებას.

"ახლა აღარ არის ერეკლე პაპა დასაცავი? ეს არ იყო მისი შეურაცხყოფა? რამდენი თვის განმავლობაში "ქართულ ოცნებას" მთელი პროპაგანდისტული კამპანია ჰქონდა გაშლილი, როგორ იცავდნენ, თურმე, ერეკლე მეფეს ვიღაცებისგან. ამაზე მეტი შეურაცხყოფა ერეკლე მეფის სად მოგისმენიათ, რომელსაც რუსი პროპაგანდისტები უწოდებენ მუხლებზე ფორთხიალ მეფეს და ღლიცინებენ იქ, ეთერში?!

ამის გამო მე, თურმე, კომენტარი რომ დავწერე, ახლა ეს უნდა გაირჩეს სასამართლოზე — დასაჯარიმებელი ვარ თუ დასაჭერი," — ამბობს აქტივისტი 10 სექტემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ცნობისთვის, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას 1-ელი ივნისიდან შეუდგა. სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა ათი საშტატო ერთეულით განისაზღვრა. სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი-შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენაა, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს.

სამმართველო სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის გამოვლენას, ვინაობის დადგენას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, საერთო სასამართლოებში გადაგზავნას უზრუნველყოფს.