ვარშავაში, პოლონეთის ციფრული საქმეთა სამინისტროს წინ, დაახლოებით 30-მა რობოტმა საპროტესტო აქცია გამართა. რობოტები პოლონეთის მთავრობას მოუწოდებდნენ, დაარეგულიროს ხელოვნური ინტელექტი, სანამ ის ადამიანებს სამუშაო ადგილებს დააკარგვინებს. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

საპროტესტო აქცია ორგანიზებული იყო ინიციატივა Democratism-ის მიერ, რომლის მიზანიც იმის განხილვაა, თუ როგორ მოქმედებს ხელოვნური ინტელექტი და რობოტიზაცია შრომის ბაზარზე.

"ჩვენ გვსურს, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ ადამიანების შესაძლო ჩანაცვლების საკითხზე — როგორც ჰუმანოიდი რობოტების, ისე ხელოვნური ინტელექტის მიერ გონებრივ სამუშაოებში", — განაცხადა აქციის (ადამიანმა) ორგანიზატორმა გჟეგოჟ კულიშმა.

მისი თქმით, თუ რეაგირება ახლავე არ მოხდება, შესაძლოა მალე პრობლემის წინაშე დავდგეთ. მან ხაზი გაუსვა ისეთი "წესებისა და რეგულაციების აუცილებლობას, რომლებიც დასაქმებულთა დამცავ ფარად იქცევა". კულიშის თქმით, აქციაში რობოტების გამოყენება მათი არსებული შესაძლებლობებისა და საკითხის გადაუდებლობის დემონსტრირებას ემსახურებოდა.