ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, რომელიც რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობს და რუსეთში შექმნილ მოხალისეთა საერთაშორისო დანაყოფ "გეორგიევსკის" ხელმძღვანელობს, "საქართველოს ეროვნულ ლეგიონზე" რუსულ სამთავრობო მედიასთან საუბრობს.

"მათ მიმართ დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანია — ისინი სამხედრო დამნაშავეები არიან, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს თავიანთ ქმედებებზე და რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად გასამართლდებიან", — განაცხადა მან "ქართული ეროვნულ ლეგიონთან" დაკავშირებით დასმული კითხვაზე პასუხად.

რუსული მედია წერს, რომ ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მხარეს საომარ მოქმედებაში ჩართვა ნებაყოფლობით გადაწყვიტა. ის ამბობს, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ აქტიურად ეხმარება რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებს.

მისივე თქმით, საერთაშორისო დანაყოფი "გეორგიევსკის" სახელწოდება დაკავშირებულია 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატთან, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართველი ხალხის ისტორიაში.


შეგახსენებთ, რომ 2025 წლის დეკემბერში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იგი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად დაასახელა, რის შემდეგაც მის მიმართ ძებნა გამოცხადდა. 2026 წლის თებერვალში სასამართლომ მას ამ საქმეზე დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

გარდა ამისა, მას ბრალი აქვს წარდგენილი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზეც და ამ საქმეზეც დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ამჟამად ფარცხალაძე რუსეთში იმყოფება და რუსეთის მოქალაქეა, რის გამოც მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი გართულებულია.