საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას ეხმაურება. ბოჭორიშვილის შეფასებით, "ევროპელი ბიუროკრატები ძალიან ხშირად მიდრეკილები არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც".

ბოჭორიშვილისთვის ევროკომისარის განცხადება ღიმილის მომგვრელი და მიუღებელია.

"ეს ეტყობა ახალი კრიტერიუმია, რომელიც კანდიდატი ქვეყნებისთვის სახელდება. ღიმილის მომგვრელია ასეთი კრიტერიუმების დაწესება. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ძალიან ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილები არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც, რომ ასე მოიქცნენ. ნამდვილად მიუღებელია მსგავსი მოწოდებები. დღეს ჩვენ გვჭირდება მეტი თანამშრომლობა, მეტი კავშირები ყველასთან, ვინც გლობალურ პოლიტიკაში როლს ასრულებს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოძრაობა, რომლის წარმომადგენელიც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანას მართავს. შესაბამისად, მათთან კავშირების გაწყვეტა სასაცილო და ღიმილის მომგვრელია," — განაცხადა ბოჭორიშვილმა. [IPN]

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა, ევროპის პოლიტიკურ კვლევათა ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატმა ქვეყნებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სგან (Make America Great Again — "კვლავ დიდებული გავხადოთ ამერიკა") დისტანცირება უნდა მოახდინონ.

მან ხაზი გაუსვა, რომ გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნები ფრთხილად უნდა იყვნენ და არ უნდა აღმოჩნდნენ MAGA-ს წარმომადგენლებზე დამოკიდებულნი.