შავ ზღვაში სატვირთო გემი TEDY, რომლის ეკიპაჟის შემადგენლობაშიც აზერბაიჯანის მოქალაქეები იყვნენ, დრონების თავდასხმის ობიექტი გახდა.ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 9 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის შედეგად აზერბაიჯანის მოქალაქეები - ასლან ალიევი და ასიმ გასამოვი დაიღუპნენ, ხოლო იმრან ნოვრუზოვი და რაუფ ალიევი დაშავდნენ. დაშავებულები უკრაინაში, ჩერნომორსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ამჟამად საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საკითხზე კოორდინაციაშია აზერბაიჯანის შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, ჩვენი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან. ჩვენი დაჭრილი მოქალაქეების სამედიცინო შემოწმებისა და მკურნალობის შემდეგ, მათი სამშობლოში დასაბრუნებლად და საჭირო საკონსულო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად ტარდება ღონისძიებები, გარდა ამისა, ორგანიზდება დაკრძალვის პროცედურები...

ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

კვლავ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იმ ზონებში გამგზავრებისგან, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ან სადაც უსაფრთხოების გარემო არასტაბილურია, ასევე ასეთ რეგიონებში დასაქმებისგან ან იმ სატრანსპორტო საშუალებებზე მუშაობისგან, რომლებიც აღნიშნულ მარშრუტებზე გადაადგილდებიან, მათ შორის გემებზე", — აცხადებენ სამინისტროში.