შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენასთან ბრძოლის სამმართველო აქტივისტი თორნიკე რაზმაძის განცხადებას ეხმაურება. უწყების ცნობით, თორნიკე რაზმაძეს და ანა ბდეიანის ირაკლი კობახიძისთვის შეურაცხმყოფელი კომენტარის დაწერაზე ედავებიან. აქტივისტებს 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებიან.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმ სამართალდარღვევების გამოსავლენად, რომლებიც მოიცავს როგორც კონკრეტული პირის შეურაცხყოფას, ასევე, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას.

აღნიშნულის ფარგლებში გამოვლენილია მოქალაქე თორნიკე რაზმაძის და ასევე, ანა ბდეიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე მიმდინარეობს," — წერს უწყება.

ცნობისთვის, დღეს, თორნიკე რაზმაძემ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მას კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.

საქმე ეხება რაზმაძის მიერ განთავსებულ ვიდეოს, სადაც აქტივისტი სიმონიანის განცხადებას პასუხობს. კერძოდ, სიმონიანმა განაცხადა: "როგორც ერეკლე მეორე მოვიდაო და გეორგიევსკის ტრაქტატით რუსებს მუხლებზე დამდგარი გვეხვეწებოდა მფარველობის ქვეშ მიღებასო, სხვა ქართველებიც — აი, ეს ახალი ირაკლები — ეგრე მოვლენ და მუხლებზე დამდგარი მოფორთხდებიან და შეგვეხვეწებიან, რომ ჩვენი მფარველობის ქვეშ მივიღოთ".

პროპაგანდისტის ამ განცხადებასთან დაკავშირებით რაზმაძემ ვიდეო ჩაწერა, სადაც სიმონიანის და ირაკლი კობახიძის რუსოფობიისთვის მიძღვნილ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებები ერთმანეთს შეადარა. მოგვიანებით კი, რაზმაძემ ამავე ვიდეოზე კომენტარი "ამათი დედას შევე*ი "ნა კალენიახ" დატოვა. სწორედ ეს კომენტარი გახდა შსს-ს რეაგირების მიზეზი.