საქართველოს მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გარეჯთან და სხვა თემებთან დაკავშირებული კამპანიები, რომლებიც "შავბნელი მედიის" მეშვეობით ხორციელდება, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.

მისი თქმით, არსებობდა უამრავი პრობლემა, მათ შორის კორუფციის მიმართულებით, ამ პრობლემების გადაფარვა კი ყალბი კამპანიებით შეუძლებელია.

"გარეჯთან დაკავშირებულ კამპანიას, სხვა კამპანიებს, რომლებსაც აწარმოებენ შავბნელი მედიის მეშვეობით, აქვს ერთადერთი შეფასება — ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რასაც უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი", — აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, პროცესში მკაფიოდ ჩანს დაკვეთილი კამპანიის ნიშნები, რომლებიც მთლიანად სიყალბეზეა აგებული.

"აშკარად იკვეთება აქ დაკვეთილი კამპანიის ნიშნები. ეს კამპანიები მთლიანად სიყალბეზეა აგებული, მათ შორის, კამპანია, რომელიც უკავშირდება გარეჯის საკითხს. ყველას ძალიან კარგად ესმის, ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია ასეთ საკითხებში, რომ ასეთ თემებზე გადაწყვეტილებები ვერ მიიღება გაუმჭვირვალედ, თან, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალე, ყველა აქტი ქვეყნდება. მიუხედავად ამისა, კონკრეტულმა ადამიანებმა, კონკრეტულმა მედიასაშუალებამ სცადეს კამპანიის აგორება ასეთ თემასთან დაკავშირებით, რაც არის სახელმწიფოებრივად ძალიან მგრძნობიარე. შესაბამისად, ეს ყველაფერი მეტყველებს ამ კამპანიის დამკვეთებისა და შემსრულებლების ანტისახელმწიფოებრივ ბუნებაზე. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი მოვლენები ვითარდება ჩვენს ქვეყანაში", — განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, თუ ვინ დგას აღნიშნული კამპანიების უკან, კობახიძემ განმარტა, რომ კონკრეტული ფაქტები არ აქვს, თუმცა ნათლად გამოჩნდა, ვინ გამოიყენა ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის.

"რადგან მე კონკრეტული ფაქტი არ მაქვს, ასეთი ფაქტები შეიძლება ჰქონდეს სამართალდამცავ უწყებებს. მე, შეიძლება, უბრალოდ ვარაუდებით ვისაუბრო და ვინ მისცა მედიაში ორგანიზებულ ამ კამპანიას შემდეგ პოლიტიკური ელფერი და ვინ გამოიყენა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის, ეს ყველამ ძალიან კარგად დაინახა. დანარჩენი, საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს საკუთარი დასკვნები. ყველაზე მარტივია ლოგიკურად მსჯელობა და ამის საფუძველზე დასკვნების გამოტანა. ზოგადად, იმდენად მგრძნობიარე საკითხს ეხება ეს კამპანია, რომ შეიძლება ამას თავისუფლად მიეცეს სამართლებრივი განვითარება, თუმცა ეს ყველაფერი შესაბამისი ორგანოებისა და უწყებების გადასაწყვეტია", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, პოლიტიკურმა აქტივისტმა და უფლებადამცველმა ლაზარე ჯორბენაძემ გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოაქვეყნა ინტერვიუ, სადაც ამტკიცებდა, რომ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საიდუმლო შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლითაც აზერბაიჯანს დავით გარეჯის ტერიტორიის ნაწილი გადასცა და მას ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდა.

რაც შეეხება ლაზარე ჯორბენაძეს, ის 2026 წლის აპრილში გარდაიცვალა. საქმეზე თვითმკვლელობის ვერსია განიხილება, თუმცა მის ახლობლებს, თანაპარტიელებსა და საზოგადოების ნაწილს ამის არ სჯერათ და მიიჩნევენ, რომ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ექსპრემიერი ღარიბაშვილი 1-ელ სექტემბერს ციხიდან გამოქვეყნებულ რიგით მე-5 წერილში უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებების და რეალური მიზეზის გარკვევას ითხოვს.