რუსეთში საწვავის კრიზისის ფონზე, აეროპორტებმა თვითმფრინავების საწვავით შევსებაზე მასშტაბური შეზღუდვების დაწესება დაიწყეს. 7 სექტემბრის მონაცემებით, მსგავსი ზომები რუსეთის სულ მცირე 26 უდიდეს აეროპორტში ამოქმედდა. ამის შესახებ Deutsche Welle რუსულ გამოცემა Verstka-ს და რუსეთის საჰაერო ნავიგაციის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

საწვავზე პირველი შეზღუდვები ჯერ კიდევ ივნისში დაწესდა, ხოლო მეორე ტალღა სექტემბერში დაიწყო. შეზღუდვების ხანგრძლივობა, აეროპორტის მიხედვით, ერთი თვიდან თითქმის შვიდ თვემდე მერყეობს.

DW წერს, რომ მაგალითად, სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში, 2026 წლის 2 სექტემბრიდან 2027 წლის 16 მარტამდე, საწვავის შევსება ნებადართულია მხოლოდ ფრენის გეგმის შესაბამისად, დამატებითი მოცულობების გარეშე. ანალოგიური შეზღუდვები მოქმედებს 8 ივნისიდან 6 დეკემბრამდე კალინინგრადის ხრაბროვოს აეროპორტშიც. ეს ზომები ეხება როგორც რუსულ, ისე საერთაშორისო ავიაკომპანიებს.

26-დან 15 აეროპორტში შეზღუდვები მხოლოდ უცხოურ ავიახაზებზე ვრცელდება.

"უცხოური ავიაკომპანიების საჰაერო ხომალდების საწვავით შევსება შეზღუდულია იმ მოცულობით, რაც საჭიროა ერთი ფრენისთვის", — ნათქვამია პილოტებისათვის განკუთვნილ შეტყობინებებში (NOTAM).

კერძოდ, ასეთი ლიმიტები მოქმედებს ყაზანის, უფას, პერმის, ეკატერინბურგის, ჩელიაბინსკის, ტიუმენის, ირკუტსკის, ვლადივოსტოკის, ხაბაროვსკის, იაკუტსკისა და სხვა ქალაქების აეროპორტებში. უფაში საწვავის შევსება შეეზღუდათ იმ ხომალდებსაც, რომლებიც არაგეგმურ (ჩარტერულ) რეისებს ასრულებენ.

ავიაპროდუქტების მხრივ ყველაზე მწვავე სიტუაცია რუსეთის სამხრეთში შეიქმნა, სადაც ზოგიერთი აეროპორტი უკრაინასთან ომის გამო დახურულია. მოქმედი ექვსი აეროპორტიდან საწვავის შევსების შეზღუდვები როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გადამყვანებისთვის დაწესებულია სოჭში, ვოლგოგრადსა და ასტრახანში. ხოლო უცხოური ავიახაზების საწვავით შევსება შეზღუდულია კრასნოდარში, მინერალნიე ვოდისა და ვლადიკავკაზში.

ცნობისთვის, რუსეთში საწვავის კრიზისი ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად დაიწყო. წლის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს სულ მცირე 70-ჯერ დაარტყეს, რამაც რუსეთში ნავთობის გადამუშავების მოცულობა ბოლო ორი ათწლეულის მინიმუმამდე დაიყვანა. აგვისტოს ბოლოსთვის ქვეყანაში ბენზინის წარმოება შიდა მოხმარების დაახლოებით 70%-ს შეადგენდა, ხოლო დეფიციტმა დღეში 30 000 ტონას მიაღწია. მხოლოდ აგვისტოში, უკრაინული დარტყმების გამო, სულ მცირე შვიდმა რუსულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ სრულად ან ნაწილობრივ შეაჩერა წარმოება, ხოლო ქვეყნის 17 რეგიონში საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა.