ილონ მასკმა რეჟისორი, რომელმაც მის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სოციალურ ქსელებში გააკრიტიკა. ოთხსაათიანი ფილმი მასკის ცხოვრებასა და გავლენას ეხება. მილიარდერმა რეჟისორ ალექს გიბნის "ბოღმიანი მოხუცი" უწოდა, რომელსაც "არანაირი ღირსება არ გააჩნია".

დოკუმენტური ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა. ალექსმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ძალიან სახიფათოდ მიაჩნია.

რაც შეეხება მასკს, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტებში ბიზნესმენმა ფილმს მოსაწყენი და წარუმატებლელი შეკვეთილი თავდასხმა უწოდა.

ფოტო: CNN

"გიბნიმ ფილმისთვის იმ ადამიანთა სია შეაკოწიწა, რომლებიც ან ვერ მიტანენ, ან საერთოდ არ მიცნობენ (თუმცა მაინც ვერ მიტანენ)... ის ბოღმიანი მოხუცია, რომელმაც რეალობის შეგრძნება დიდი ხანია დაკარგა. ძაღლის განავალიც კი უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს, ვიდრე გიბნი", — წერს მასკი.

რეჟისორს დაემუქრა ბიზნესმენის ადვოკატიც და გააფრთხილა, რომ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებდა.

ამასთან ერთად, მასკმა გააზიარა პოდკასტერ ქეითი მილერის პოსტი, რომელიც ფილმში მასკის ნაცნობების ნაკლებობაზე ჩიოდა. "ფილმი ვერანაირად ვერ იქნება ამომწურავი, თუ მასში ის ხალხი არ მონაწილეობს, რომლებიც მასკის ცხოვრებაში არიან", — აღნიშნა მან.