NAZA ისრაელელი რეჟისორების, იუვალ ავრაჰამისა და რახელ შორის, დოკუმენტური ფილმია. მისი პრემიერა სულ ცოტა ხნის წინ შედგა ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც ნამუშევარმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება და ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. ანოტაციის მიხედვით, "ფილმი დეტალურად გვიჩვენებს სისტემებს, რომლებიც ისრაელის მიერ ღაზაში პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის გამიზნულად და მასობრივად ხოცვის უკან დგას". კინოფესტივალზე ჩვენების შემდეგ, ავრაჰამისა და შორის ნამუშევარს ფეხზე წამომდგარი მაყურებელი რეკორდული ხანგრძლივობით, თითქმის 25 წუთის განმავლობაში უკრავდა ტაშს.

თუმცა, რეჟისორების სამშობლოში მთავრობას აღფრთოვანება არ გაუზიარებია. ისრაელის კულტურის მინისტრმა მახლუფ "მიკი" ზოჰარმა ფილმს "შოკისმომგვრელი" უწოდა, იუვალი და რახელი კი "სამშობლოს ღალატში" დაადანაშაულა და მათ მოქალაქეობის შეწყვეტით დაემუქრა.

"წარმოუდგენელია ის სიძულვილი, რომელიც ფილმის შემქმნელებს სწვავს", — განაცხადა ზოჰარმა, — "ისინი მზად არიან, საკუთარ სამშობლოს მხოლოდ იმიტომ ავნონ, რომ მსოფლიოში ანტისემიტებმა ტაში დაუკრან. ეს ქვეყნის ღალატს უტოლდება. როგორც კულტურის მინისტრი, დაუყოვნებლივ ვიმოქმედებ, რომ ამ საზიზღარ რეჟისორებს სამშობლოს ღალატის გამო ისრაელის მოქალაქეობა შეუწყდეთ".

ვენეციაში სპეციალური პრიზის მიღებისას, ავრაჰამმა თქვა, რომ მისთვის ადვილი არ იყო სცენაზე დგომა, როცა ისრაელელი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ფილმს მისი ნახვის გარეშე ესხმოდნენ თავს და უარყოფდნენ მასში გადმოცემულს: "ყველაფერი კეთდება, რომ რეალობას არ შეხედონ".

"მიგვაჩნია, რომ უარყოფა დანაშაულის გაგრძელებას უწყობს ხელს და ჩვენთვის სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ისრაელელებმა ამ ფილმს უყურონ: ამ დანაშაულებს ჩვენი ქვეყანა ჩადის", — განაგრძო რეჟისორმა, — "ევროპელებმა უნდა უყურონ, განსაკუთრებით იტალიაში, რადგან სწორედ თქვენი და გერმანიის მთავრობები უშლიან ხელს ისრაელზე ზეწოლას, რომელიც ამ ყველაფერს დაასრულებდა. უნდა უყურონ ამერიკელებმაც, რადგან ადამიანების ხოცვას მეტწილად ეს ქვეყანა აფინანსებს".

იუვალ ავრაჰამისა და რახელ შორის წინა, სადებიუტო ნამუშევარი No Other Land 2025 წელს ოსკარის მფლობელი გახდა საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში. იგი ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინური სახლების განადგურებაზე ჰყვებოდა. პალესტინელი აქტივისტი, რომელიც ამ ფილმზე მუშაობდა, გასულ წელს ისრაელელმა ახალმოსახლემ მოკლა.