"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა პრემიერ ირაკლი კობახიძეს ბრიფინგზე ჰკითხა, რატომ ანიჭებს კერძო სკოლებს უპირატესობას, როდესაც საქმე მისი შვილების განათლებას ეხება.

"თქვენი შვილების განათლებაში წელს 32 000 ლარი გადაიხადეთ. რატომ მიანიჭეთ უპირატესობა კერძო სკოლას საჯარო სკოლებთან შედარებით?" — იკითხა ჟურნალისტმა.

კობახიძის განმარტებით, კერძო სკოლა მათ სახლთან ახლოს არის და მას "სხვა უპირატესობებიც" აქვს. კობახიძის თქმით, მთავრობა აღიარებს, რომ კერძო და საჯარო სკოლებში მრავალი გამოწვევაა და სწორედ ამიტომ დაიწყეს "განათლების მასშტაბური რეფორმა".

კობახიძის მტკიცებით, სახელმწიფომ იმდენად გააუმჯობესა საჯარო ბაღები, რომ ამან მრავალი კერძო ბაღის დახურვა გამოიწვია.

"გამოწვევები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია. კერძო სკოლებშიც, სხვათა შორის, და საჯარო სკოლებშიც და სწორედ ამის გამო დავიწყეთ ჩვენ მასშტაბური რეფორმის პროცესი, ხო? ჩვენ გვინდა საჯარო სკოლების მაქსიმალურად გაძლიერება. მაგალითად, რომ ავიღოთ საჯარო საბავშვო ბაღები, მაგალითად, თბილისში, იმდენად არის გაუმჯობესებული ნუ მომსახურების ხარისხი, რომ ამის გამო ბევრი კერძო საბავშვო ბაღი დაიხურა კიდეც. ანუ იმდენად მაღალი ხარისხია საჯარო საბავშვო ბაღებში, რომ ბევრი კერძო ბაღი ვერ უძლებდა კონკურენციას და დაიხურა კიდეც. ჩვენ გვინდა, რომ ასეთივე მასშტაბის გაუმჯობესებას მივაღწიოთ საჯარო სკოლებში ისე, რომ მინიმუმ გათანაბრდეს სწავლის ხარისხი საჯარო სკოლებსა და კერძო სკოლებს შორის. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ზოგადად განათლების რეფორმა არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი," — განაცხადა კობახიძემ.

საჯარო ბაღებზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც ისაუბრა. საქართველოში დემოგრაფიულ კლებაზე საუბრისას, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს შობადობის გასაზრდელად. შემდეგ მან მაგალითად წინა ხელისუფლება მოიყვანა და აღნიშნა, რომ მათ პირობებში საბავშვო ბაღები და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები უფასო არ იყო, რაზეც მოქმედმა მმართველმა გუნდმა იზრუნა.