პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პოზიციაზე მაია ბითაძე დანიშნა.

მაია ბითაძე ამ დრომდე პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატი იყო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

"მინდა გაცნობოთ, რომ დღეს საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა ქალბატონი მაია ბითაძე. მას საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ხაზს გავუსვამ იმას, რომ ქალბატონ მაიას აქვს მართვის განსაკუთრებული, მრავალწლიანი გამოცდილება. მრავალი წლის მანძილზე ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას. ის იყო, მათ შორის წლების მანძილზე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, წლების განმავლობაში გახლდათ ქალაქ თბილისის მერის მოადგილე, მათ შორის, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კურირებდა კულტურის მიმართულებასაც. 2020 წლიდან ქალბატონი მაია ბითაძე არის საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე. ის არის სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ქალბატონ მაიას ვთხოვეთ დაეკავებინა საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მაია იქნება კულტურის ძალიან წარმატებული მინისტრი. მინდა, მას ვუსურვო დიდი წარმატებები," – განაცხადა კობახიძემ.

მაია ბითაძის ბიოგრაფია:

მაია ბითაძე პროფესიით იურისტია. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სამართლისა და გარემოს დაცვის სფეროებში. 2003–2004 წლებში მუშაობდა ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, 2006–2011 წლებში კი — გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, მათ შორის იურიდიული დეპარტამენტის უფროსად. 2014–2017 წლებში იყო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2017–2020 წლებში — თბილისის მერის მოადგილე.

უფრო დეტალურად:

  • 2003–2004 — ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (GNERC), იურიდიული დეპარტამენტი.
  • 2005–2006 — მსოფლიო ბანკისა და გარემოსდაცვითი პროექტების იურიდიული კონსულტანტი.
  • 2006–2011 — საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (იურიდიული დეპარტამენტის უფროსი).
  • 2011–2014 — გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ურჰუსის კონვენციის ბიუროს ვიცე-თავმჯდომარე/წევრი.
  • 2014–2017 — საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე.
  • 2015–2021 — გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ურჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრების თავმჯდომარე.
  • 2017–2020 — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის (კახა კალაძის) მოადგილე.
  • 2020–დღემდე — საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, 28 ივლისს თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მან გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და დასძინა, რომ "მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა დასჭირდა, რის გამოც მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას ვერ შეძლებს".