მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა პარტია გახარია საქართველოსთვის ინიციატივას, რომელიც 2024 წლამდე არსებული შეკრება-მანიფესტაციის წესების აღდგენას გულისხმობდა. "შეკრება-მანიფესტაციების შესახებ" და მიმდინარე კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს პარლამენტში 28-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, თუმცა ხმების სიმცირის გამო პაკეტი ჩავარდა.

აღსანიშნავია, რომ გახარიას პარტიას პარლამენტში 12 დეპუტატი ჰყავს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ეწერა, რომ მისი მიზანი შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების დაცვა და 2024 წლამდე მოქმედი სამართლებრივი სტანდარტის, სტატუს-კვოს აღდგენა იყო. კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ბოლო ორ წელიწადში განხორციელებულმა ცვლილებებმა არსებითად შეცვალა კანონმდებლობის შინაარსი და შეკრების თავისუფლება და ნაცვლად დაცული ფუნდამენტური უფლებისა, აქცია სახელმწიფო კონტროლისა და პოლიციური შეზღუდვების ობიექტად.

შეგახსენებთ, 16 ოქტომბერს პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრების კანონპროექტი დაჩქარებული წესით მიიღო.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლს დაემატა მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც აკრძალული გახდა აქციისთვის გზის გადაკეტვა, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობას ხელს შეუშლის და აღმკვეთი ღონისძიების სახით 15-დღიანი პატიმრობა დაწესდა.