მას შემდეგ, რაც Macklemore-მა ედ შირანის ტურნეს სცენიდან პალესტინის გათავისუფლება მოითხოვა, რეპერი დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნეს. გადაწყვეტილება სტადიონების განცხადებას მოჰყვა, რომლებშიც აღნიშნული იყო, რომ რამდენიმე სტადიონი Macklemore-ს თავიანთ სცენებზე გამოსვლის უფლებას აღარ მისცემდა.

შირანის ტურნეს წარმდგენმა კომპანიამ განაცხადა: "მომავალი კონცერტების სტადიონებიდან გვაცნობეს, რომ Macklemore-ის მონაწილეობით კონცერტების ჩატარებას არ დაუშვებენ, რაც ტურნეს გაუქმებას გამოიწვევდა და ასობით ათას ფანზე იმოქმედებდა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ Macklemore დარჩენილ შოუებზე აღარ გამოვა".

Instagram-ზე გავრცელებულ განცხადებაში Macklemore-მა აღნიშნა, რომ იგი ტურნედან მას შემდეგ მოხსნეს, რაც რობერტ კრაფტმა — New England Patriots-ისა და Gillette Stadium-ის მფლობელმა მილიარდერმა — შირანზე ზეწოლა დაიწყო.

"ედმა მითხრა, რომ კრაფტი მის სტადიონზე გამოსვლის უფლებას არ მომცემდა. ასევე, სხვა სტადიონების მფლობელებსაც გაესაუბრა და ედს ერთობლივად წაუყენეს ულტიმატუმი — თუ Macklemore ტურნედან არ მოიხსნება, ჩვენს სტადიონებზე კონცერტის გამართვის უფლებას არ მოგცემთო", — წერს რეპერი.

ფოტო: Yahoo

რობერტ კრაფტმა დაადასტურა, რომ Macklemore-ს Gillette სტადიონზე გამოსვლა მართლაც თავად აუკრძალა, რადგან თვლის, რომ რეპერის ქმედებები ანტისემიტური და ებრაელებისთვის მტკივნეული იყო.

Macklemore უკვე წლებია, პალესტინელებისა და ღაზაში მცხოვრები მოსახლეობის აქტიური მხარდამჭერია. ტურნეს პირველი კონცერტისას რეპერმა ღაზასა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა. ამასთან ერთად, ეკრანზე დანგრეული ღაზას კადრებიც აჩვენა და საპროტესტო სიმღერა — Hind’s Hall შეასრულა.

"ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ ტურნეში მონაწილეობა მსურდა, სწორედ ის იყო, რომ ასეთ სტადიონებზე ვმდგარიყავი და მეთქვა ორი სიტყვა, რომლებიც ჩემს გულთან ძალიან ახლოსაა — თავისუფლება პალესტინას!", — განაცხადა მან პირველ შოუზე.

ამ ყველაფერმა პროისრაელური ჯგუფების მხრიდან მწვავე კრიტიკა და უკმაყოფილება გამოიწვია. ორგანიზაცია StopAntisemitism-მა რეპერი ანტიისრაელური პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, ისრაელისა და ამერიკის საბჭომ წამოიწყო პეტიცია, რომლითაც ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან Macklemore-ის მოხსნას ითხოვდა.

MetLife-ის მე-2 შოუზე Macklemore-მა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება "თავისუფლება პალესტინას" და მაყურებელთა შორის მყოფ ებრაელებს მიმართა: "ისრაელის კრიტიკა, აპართეიდის კრიტიკა და გენოციდის წინააღმდეგობა არანაირად არ ნიშნავს თქვენს კრიტიკას. ჩემი გზავნილი ეძღვნება მშვიდობას და იმას, რომ თითოეულ ადამიანს მოეპყრონ ღირსეულად, პატივისცემითა და თანასწორობით".