საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა. როგორც მან განაცხადა, მთავრობას სურს, ფუნდამენტურ ცვლილებებს მიაღწიოს მომდევნო წლების განმავლობაში კულტურის სფეროში.

„ჩვენთვის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი იყო, რომ სათანადო მართვის გამოცდილების მქონე ადამიანი ჩასდგომოდა სათავეში კულტურის სამინისტროს. ჩვენთვის კულტურა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ მომდევნო წლების განმავლობაში კულტურის სფეროში. უამრავი გამოწვევაა სხვადასხვა მიმართულებით. ეს გამოწვევები გლობალურ გამოწვევებთანაც არის დაკავშირებული. ვფიქრობთ, ბევრი მიმართულებით არის შესაძლებელი, მივაღწიოთ საფუძვლიან წინსვლას. ქართული კულტურის უკლებლივ ყველა დარგი ჩვენთვის პრიორიტეტულია და დარწმუნებული ვართ, ქალბატონი მაია ძალიან დიდი გულისხმიერებით უხელმძღვანელებს კულტურის სამინისტროს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თავის მხრივ მაია ბითაძემ აღნიშნა რომ კარგად იაზრებს, "თუ რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა" ეკისრება.

"როგორც მოგეხსენებათ, საჯარო სამსახურში და არა მხოლოდ, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განვლილი კარიერა კულტურის სფეროსთან დაკავშირებული არ იყო, იმედი მაქვს, ძალიან მალე შევძლებთ, ზუსტად, სტრუქტურირებულად დავიწყოთ იმ ძირითადი ამოცანების შესრულება, რაც უკვე დაგეგმილი აქვს საქართველოს მთავრობას“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

შეხვედრას კულტურის სამინისტროს დეპარტამენტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, მაია ბითაძე, რომელიც ამ დრომდე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, კულტურის მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძემ დღეს დანიშნა.