"როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტიურად გაჩერდა", — ამის შესახებ ეკონომისტი გოგა ხიშტოვანი აცხადებს.

აღსანიშნავია, რომ დღეს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, საქართველოში მეორე კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8% გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეკონომისტს აღნიშნული ზრდა ინფლაციის მაჩვენებლის ცვლილებასთან ერთად აქვს გაანალიზებული, რომლის თანახმადაც, ხელფასების რეალური ზრდა (ინფლაციის გამოკლებით) მხოლოდ 2% გამოდის.

"იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს რეალური ზრდა თითქმის 17% იყო, ხოლო 2024-ში - თითქმის 10%, ხელფასების ზრდის ტემპის სწრაფი კლება ფიქსირდება", — აცხადებს გოგა ხიშტოვანი.

მისივე თქმით, პარალელურად, ახალი სამუშაო ადგილებიც აღარ იქმნება ეკონომიკაში.

"2026 წლის მეორე კვარტალში, 2024 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, 22,6 ათასი ადამიანით ნაკლები არის დასაქმებული; ხოლო უმუშევართა რაოდენობა შემცირებულია მხოლოდ 600 (!!!) ადამიანით. ამ ორი მონაცემის და მათი დინამიკის გათვალისწინებით, წელს რეალური ეკონომიკური ზრდის 8%-იანი მაჩვენებელი ერთი დიდი გაუგებრობა გამოდის. მივიღეთ ვირტუალური ეკონომიკური ზრდა, რომელიც არც ახალ სამუშაო ადგილებს აღარ ქმნის და არსებულ სამუშაო ადგილებზე ხელფასების რეალურ ზრდასაც თითქმის აღარ უწყობს ხელს", — აცხადებს იგი და თან ბოლო ხუთი წლის მეორე კვარტლის ინფლაციის და საშუალო ხელფასების ზრდის მაჩვენებლებს ურთავს:

ხელფასები და ინფლაცია

ხელფასები და ინფლაცია

ფოტო: გოგა ხიშტოვანი

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით (177.3 ლარით) გაიზარდა და 2 389.3 ლარი შეადგინა.