რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიება შეცვალა და დარბაზიდან, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის მოზარდი გაათავისუფლა. თუმცა, სასამართლო მისი საქმის განხილვას აგრძელებს.

პროკურატურამ მას ბრალი შეუმსუბუქა. არასრულწლოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თუმცა, სასამართლომ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქა — მას ბრალი სსსკ-ის 113-ე მუხლით განსაზღვრა (მკვლელობა ჩადენილი აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პროკურატურამ შეძლო და აღიარა 99% პროცენტით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბავშვის უდანაშაულობა — ბრალი არ არის მთლიანად მოხსნილი, მაგრამ ბერვი იურისტი დამეთანხმება ალბათ, რომ ეს არ არის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში განხორციელებული მოგერიება," — უთხრა "რადიო თავისუფლებას" 16 წლის ბიჭის ადვოკატმა, ალი ბადიროვმა.

საქმე ეხება 5 ივნისს ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩადენილ მკვლელობას, რა დროსაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლა. არასრულწლოვანის ოჯახის წევრების განცხადებით, 50 წლის კაცმა სკოლის მოსწავლე სახლში ჩაკეტა და მასზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა, რა დროსაც მოზარდმა ის ცივი იარაღით დაჭრა. მომხდარის შემდეგ არასრულწლოვანი პოლიციას ჩაბარდა.